Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საპარლამენტო არჩევნები 2012


ინტერვიუ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივანთან ალექსანდრე შალამბერიძესთან.

27 სექტემბერი

როგორ შეაფასებთ გარემოსდაცვით სიტუაციას ქვეყანაში და ბოლო პერიოდში განხორციელებულ რა ღონისძიებებს ან რეფორმებს გაიხსენებდით, რამაც გავლენა იქონია ქვეყნის ბუნებრივ გარემოზე?

გარემოსდაცვით სიტუაციას უარყოფითად ვაფასებ ძალიან. ფაქტიურად არაფერი არ კეთდება. მარტო მტვრის მდგომარეობა რომ ავიღოთ, საკმარისია იმისთვის, მივხვდეთ თუ რა მდგომარეობაშია ჩვენთან გარემო. სამინისტრომ ერთადერთი რაც ამ სფეროში გააკეთა, ეს იყო პიარ კამპანია, როდესაც მინისტრი ცელოფნის პარკებს იღებდა ხეებიდან. ქვეყანაში კიდევ იმდენი ცელოფნის პარკია და ნაგვის მიღები დაწესებულებები იმდენად შუასაუკუნეობროვ მდგომარეობაშია, რომ მინისტრის ტელევიზიით გამოჩენა და მის მიერ ამწეთი ერთი ცალი ცელოფანის ჩამოხსნა საქმეს ვერ უშველის. თუნდაც, ქუთაისის ნაგავსაყრელის მდგომარეობა, ავიღოთ რომლის გამოც მიმდებარე სოფლები და ქალაქის ის ნაწილი, სადაც ნაგავსაყრელი მდებარეობს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

მინდა გითხრათ, რომ ლაშა ჩხარტიშვილთან ერთად, წლების განმავლობაში ვაპროტესტებდი გლდანის ნაგავსაყრელის მდგომარეობას, საიდანაც, მაშინაც კი, როცა ის უკვე დახურულად ითვლებოდა, იფრქვეოდა ტოქსიკური აირები. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა მერვე, მეშვიდე, მეექვსე, მეხუთე რაიონებში და გული მიკვდებოდა, როცა ჩვილ ბავშვებს მშობლები თითქოსდა სუფთა ჰაერზე ასეირნებდნენ.

აღარაფერს ვიტყვი გამწვანების პრობლემაზე. საბჭოთა კავშირის დროიდან თბილისი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მცირე გამწვანების ზონად. ამ ფონზე, ხეები ასე უმოწყალოდ იჭრება, თუნდაც იპოდრომის ტერიტორიაზე, სკვერებში. თუნდაც იქ, სადაც იუსტიციის ახალი სახლი როცა აშენდა კორტები იყო. იქ 70 წლის უნიკალური ჯიშის ხეები იდგა და ეს ადგილი იყო ქალაქისთვის სასუნთქვის საშუალება. დრეს ის განადგურებულია. გარემოსდაცვითთი თვალსაზრისით, მდგომარეობა კატასტროფულია.

რა ღონისძიებების გატარებას აპირებს პარტია და გათვალისწინებულია თუ არა ამისთის ხარჯები ?

მინდა გითხრათ, რომ ვენს პარტიას ჩამოყალიბებული აქვს რამდენიმე პრინციპი, მათშორისაა თბილისის გამწვანება და მდინარის გამწმენდი საშუალებების მოწყობა. შემდეგი ეტაპი იქნება ნაგავსაყრელების ევროპულ დონეზე მოწყობა. მართალია, თბილისში აშენდა ნაგავსაყრელი, მაგრამ ის არ არის მიახლოებული ევროპულ სტანდარტებს. ამაზე ძალიან დიდი ფულია წამოსული დასავლეთიდან „GiZ”-ს მაგალითად სერიოზული სამუშაოები აქვს ამ კუთხით ჩატარებული. ვფიქრობ, ამ თანზის მოზიდვა შესაძლებელია გრანტების სახით და ქვეყნის ბიუჯეტიდანაც. ვფიქრობ, მუნიციპალური ბიუჯეტი ამას არ ეყოფა და პირველ ეტაპზე საჭიროა ამ საკითხის გადაჭრა ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდეს.

როგორ შეაფასებთ ქვეყნის მდგომარეობას ბიომრავალფეროვნების კუთხით?

ბიომრავალფეროვნებას ზიანი მიადგა ლიბერალური მიდგომის შედეგად. უფრო სწორად, ამ დამოკიდებულებას ვუწოდებდი ფსევდო-ლიბერალურს, იმიტომ რომ ლიბერალური მიდგომაც კი არ არის ის, როდესაც ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ნებას რთავ ვისაც როგორ უნდა ისე მოჭრას ხეები. დღეს ინვესტორებს, განსაკუთრებით კი ჩინელებს აქვთ შემოსაზღვრული ჩვენი ტყეები, ბაღდათის, ხარაგაულის თუ კახეთს ტყეები. ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ტყეების ნაციონალიზაციას. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის შედეგად კი ჩვენ სრულად შევაჩერებთ ხე-ტყის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას. ტყის ჭრა უნდა აიკრძალოს მანამ, სანამ ქვეყანაში არ აღვადგენთ სიტუაციას.

როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს დღეს ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება, რომ ლეგალურობის ფარგლებში ისარგებლოს ტყის რესურსით?

მოსახლეობას არ აქვს ტყის რესურსის კანონის ფარგლებში გამოყენების საშუალება. არის ინვესტორი, რომელსაც ჩაკეტილი აქვს აღებული ტერიტორია, მაშინ, როცა ადგილობრივი მიჩვეულია შვიდეს, ფიჩხი აიღოს . ახლა მას ამისთვის იჭერენ და ციხეში სვამენ, სადაც სააკაშვილის ხელისუფლება აუპატიურებს. რა ძალადობრივი ფორმებითაც მოქმედებს ხელისუფლება ადამიანებზე, იგივე ფორმით ექცევა ბუნებასაც. ძალადობა არის ამ ხელისუფლების პოლიტიკა. მოძალადე ხელისუფლება უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას რათა ჩვენ შევძლოთ ნორმალური განვითარება, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კითხით, ისე ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით.

როგორ აფასებსთ საქართველოს ენერგო-სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებს და რა პრიორიტეტებს გამოყოფთ. როგორ ენერგო- პოლიტიკას გაატარებთ სისტემაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად?

ჩვენ გვაქვს საკმარისი ენერგორესურსები და მიგვაჩნია, რომ ახალი ჰესების აშენება საჭირო არ არის რადგან, ეს გამოიწვევს სოფლების დატბორვას და ადამიანების გასახლებას. ეს დაანგრევს ქვეყნის მთლიან მდგომარეობას. ვფიქრობ, რომ ის ენერგორესურსი, რაც გვაქვს, საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ თავისი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს და მეტიც, საზღვარგარეთაც კი გაიყოდოს. ახალი ჰესების მშენებლობას, რომელიც ხელისუფლებისთვის კორუფციის წყაროა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით და მიგვაჩნია, რომ რაც დღემდე გაკეთდა, ეს ქვეყნის ენერგიით უზრუნველყოფისთვის საკმარისია. შესაძლებელია მცირე ჰესები კიდევ გაკეთდეს, რომელთაც სოფლები მოიხმარს, მაგრამ გიგანტური ჰესების პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს.

ტრანსპორტის სექტორში რა პრობლემებს ხედავთ და რის გაკეთებას აპირებს პარტია?

ტრანსპორტის სექტორში სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ აქ ორი საკითხია: პირველი ის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რის გამოც ეს ადამიანები მეორადი მანქანების შეძენას ახერხებენ მხოლოდ. მეორეს მხრივ, ეკოლოგიურად ეს მანქანები აბინძურებენ ჰაერს. ამიტომ, პირველ ეტაპზე ვიზრუნებდით, რომ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ წავიყვანოთ, რომ მათ შეეძლოთ პირველადი მანქანების შეძენა. საჯარო ტრანსპორტის შემთხვევაში, ამ ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგად ეკოლოგიურად სუფთა და იაფი ელექტრო ტრანსპორტი განადგურებულია, თუმცა მისი აღდგენა შესალებელია. თუმცა, ეს საკითხიც მუნიციპალიტეტების და თვითმმართველობების ეკონომიკურ გაძლიერებას უკავშირდება.

რა პოლიტიკას გაატარებს თქვენი პარტია მსხვილი დამაბინძურებლების მიმართ?

ამოქმედდება ეკონომიკური მექანიზმები. დღეს ჩვენ ვხედავთ სრულ მონოპოლიზაციას. ჩვენ კი მისი გაუქმებით და ხელისუფლების ჩაურევლობით ბიზნესში, სახელმწიფოს თავის ფუნქციებს დავუბრუნებთ. სანქციები და ჯარიმები დაუწესდება ისეთ საწარმოებს, რომლებიც აბნძურებენ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.

 

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe