Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საპარლამენტო არჩევნები 2012


 ”კანონით უნდა აიკრძალოს ბუნებრივი სიმდიდრის კერძო საკუთრებაში გადაცემა” – კახა ძაგანია.

 

ინტერვიუ ლეიბორისტული პარტიის იდეოლოგიურ მდივანთან კახა ძაგანიასთან

22 აგვისტო, 2012


როგორ აფასებს ლეიბორისტული პარტია გარემოსდაცვით სიტუაციას ქვეყანაში? ბოლო პერიოდში განხორციელებულმა რომელმა ცვლილებამ იქონია დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა ქვეყნის ბუნებრივ გარემოზე?

გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხორციელდება,ზარალდება იმ ბიზნესმენების მიერ, რომლებიც ხელისუფლებაში მოკალათდნენ. იყიდება წიაღისეული, რომელსაც აკონტროლებენ სახელისუფლებო კლანები. მაგალითად, ოქროს საბადო ნაყოფიას ბიზნესია, ის კი, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ოჯახური კლანის წარმომადგენელია. ხე-ტყის გაყიდვა უცხოეთში და მისი კომერციული მოხმარება, მდინარეების კალაპოტებისა და მიწის გაყიდვა ასევე დიდ ზარალს აყენებს დღევანდელ მოსახლეობას და ჩვენს მომავალ თაობას. ყოველივე ეს, მთლიანობაში, ქმნის ძალიან დიდ პრობლემებს, რომელიც, რა თქმა უნდა, მარტო ჩვენს თაობას კი არა, მომავალ თაობებსაც ცუდად შემოუბრუნდება.

ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ საკანონმდებლო ბაზა ისე, რომ ისეთი ბუნებრივი წიაღისეული, როგორიცაა ოქრო, მარგანეცი, ქვანახშირი, იყოს ხალხისა და სახელმწიფოს ექსკლუზიური განკარგვის უფლების სფერო, რათა თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს, ბუნებრივი წიაღისეულისაგან მიღებული სიკეთე თანაბრად გადაუნაწილდეს. უნდა აიკრძალოს ხე-ტყის უკონტროლო გაყიდვა-გასხვისება. ჩვენ ამის შესახებ გვქონდა აქციები ეკონომიკის სამინისტროსთან და ბევრი ტენდერი ჩავშალეთ კიდეც. ამის შემდეგ თითქოს კანონმდებლობით აიკრძალა ხე-ტყის გასხვისება, მაგრამ მერე ისევ შეიტანეს ცვლილებები, რითაც გაყიდვის საშუალება ისევ მიეცათ. ვთვლით, რომ ერონულმა ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს ამგვარი ქმედებები.

გარდა ამისა, წყაროები, ნაკადულები, მდინარეები, მათი კალაპოტები არ უნდა იქნეს რომელიმე კონკრეტული პიროვნების, პოლიციიის უფროსის, ან მაღალჩინოსნის, ბიზნესის ობიექტად ქცეული, არამედ ხალხის საკუთრებაში მოექცეს. ჩვენ უნდა მივიღოთ კანონმდებლობა, რომლითაც რომელიმე კერძო ფირმა ვერ შეძლებს აიღოს ექსკლუზიური უფლება და გადასახადი დაუწესოს მოსახლეობას ვთქვათ, სანაპირო ზოლზე გასვლისთვის.

როგორია ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში და გეგმავთ, თუ არა საკანონმდებლო ცვლილების გატარებას? არის თუ არა დათვლილი და გათვალისწინებული ხარჯები და გეგმავთ,თუ არა ინსტიტუციურ ცვლილებებს?

ჩვენ უკვე დიდი ხანია პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, იმის თაობაზე, რომ აიკრძალოს ტყის მასივების გაყიდვა-გასხვისება. ასევე შევიტანეთ კანონპროექტი, რომ უცხოელებზე მიწის ნაკვეთების გასხვისება აიკრძალოს, რათა ეს მიწის ნაკვეთი საქართველოს მოქალაქემ მოიხმაროს. ეს ორი ინიციატივა იხელახლა უნდა იქნეს შეტანილი. ასევე, კანონპროექტით უნდა გამოვრიცხოთ ოქროს, ქვანახშირის, მარგანეცის და მსგავსი ბუნებრივი წიაღისეულის კერძო საკუთრებაში გადაცემა. კანონით უნდა აიკრძალოს ბუნებრივი სიმდიდრის კერძო საკუთრებაში გადაცემა. გაზისა და ნავთობის ის მწირი საბადოები, რაც გვაქვს, უნდა იყოს ექსკლუზიურად სახელმწიფო მართვის ხელში. ეს კანონპროექტები შეტანილია და რა თქმა უნდა, ჩვენს პროგრამაშიც აისახება.

რაც შეეხება ხარჯებს, საკანონმდებლო ცვლილებებს არავითარი თანხები არ დასჭირდება. ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. ამ კანონების შემოღება მოაწესრიგებს ბევრ პრობლემას, მათ შორის, იმათ, რაც დღეს გვაქვს და სამინისტროს კომპეტენციაა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო პრაქტიკულად არის ნაციონალური მოძრაობის დანამატი ორგანო. მას მერე, რაც ხსენებული კანონები შევა ძალაში, ეს სამინისტრო იქნება მნიშვნელოვანი და დიდი სამინისტრო, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე.

შეგიძლიათ, გაიხსენოთ ბოლო პერიოდში განხორციელებული ინსტიტუციური ან საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც უარყოფითი ან დადებითი გავლენა იქონიეს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე?

მე ცუდის მეტი, პრაქტიკულად, არ მახსენდება. როგორც აღვნიშნე, ტყე იყიდება და იჩეხება, თითქოს არასამრეწველო მიზნებისთვის - მოსახლეობისთვის, მაგრამ, პრაქტიკულად, კაფვა და გასხვისება ისევ გრძელდება. რაც შეეხება ცხოველთა სამყაროს, ის პირდაპირ კავშირშია ტყის მასივების, მდინარის კალაპოტებისა და საერთოდ, მდინარის პრობლემებთან და ამ საკითხის მოწესრიგება, რა თქმა უნდა, მოხსნის ამ პრობლემას.

რამდენად სწორად ხდება ტყის როგორც ეკონომიკური რესურსის გამოყენება და რამდენად არის ის ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კანონიერების ფარგლებში?

კლანების მიერ ხდება ტყეების განადგურება, რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნის მიზნით. რეგიონებში, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად თბებიან შეშაზე. ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაწესებულია რაღაც კონკრეტული გადასახადები, რომელიც არ შეესაბამება მათ შემოსავალს, ამიტომ ხშირია დანაშაულის ფაქტები. მათ პირდაპირ დანაშაულისკენ უბიძგებენ.

ჩვენ ვთვლით, რომ კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს ხე-ტყის წარმოება ინდუსტრიული მნიშვნელობის ანუ ბიზნესის კუთხით. ტყე შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, პირველადი მოხმარებისათვის ანუ გათბობისათვის.

როგორ შეაფასებდით საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემას და რა პრობლემებს ხედავს ლეიბორისტული პარტია ამ სფეროში?

დაცული ტერიტორიების არსებობა, ჩემი აზრით, აუცილებელია. გარეული ცხოველისა და ფრინველისათვის ასეთი ტერიტორიების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. დაცული ტერიტორიები შესაძლებელია, რაღაც დოზით, იყოს კომერციული ხასიათის, თუმცა, ეს უნდა იყოს კონკრეტულად გაწერილი და ზუსტად ჩამოყალიბებული. მონადირეს ან მეთევზეს უნდა მიეცეს საშუალება განსაზღვრულ დროში და ვადაში, როდესაც, მაგალითად, არ არის გამრავლების პერიოდი, ინადიროს ან ითევზაოს. ამ ტიპის კონტროლი მოგვცემს საკითხის მოწესრიგების საშუალებას.

როგორ აფასებს ლეიბორისტული პარტია, საქართველოს ენერგო-სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებს და რა პრიორიტეტებს გამოყოფთ. როგორ ენერგო- პოლიტიკას გაატარებთ სისტემაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად?

ვთვლით, რომ ქვეყანა, ენერგეტიკული თვალსაზრისით, უნდა იყოს დამოუკიდებელი. ასევე, ვთვლით, რომ ძალიან მაღალი ტარიფებია და ეს სასამართლოში დავასაბუთეთ კიდეც. მაგალითად, ბენზინი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი - ძალიან მაღალი ტარიფებია დადგენილი, იმისთვის, რომ ლომის წილი წაიღოს ხელისუფლებამ და გარკვეულმა ჯგუფებმა. ენერგო-სექტორში რეფორმა აუცილებელი იქნება. ისეთი ბუნებრივი მონოპოლიები როგორიცაა, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, ვთვლით, რომ უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. საკონტროლო პაკეტების უდიდესი ნაწილი უნდა იყოს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, რადგან ისინი ბუნებრივი რესურსებია. თავის დროზე ჯერ ამერიკელებს მიჰყიდეს თელასი, შემდეგ-რუსებს; იგივე ბედი ელის გაზს. ძალიან ბევრ დიდ სახელმწიფოს სურს ჩვენი ენერგო-რესურსების ხელში ჩაგდება, იმიტომ, რომ როდესაც ენერგო რესურსს აკონტროლებ, პრაქტიკულად, 50%-ით აკონტროლებ ქვეყანას.

როგორ აფასებთ საქართველოს ტრანსპორტის სექტორში შექმნილ მდგომარეობას? რა დადებითი ან უარყოფითი ტენდენციებია ამ სფეროში?

ბენზინი ძალიან ძვირია და ტრანსპორტის რეგულირების საკითხი მოსაგვარებელია. მაგალითისთვის, თუნდაც, ავიღოთ სამარშუტო ხაზები და ავტობუსები - ეს სეგმენტიც კონკრეტული ბიზნესწრეების კონტროლის ქვეშ არის.

ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია. გეგმავთ, თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას და როგორ აპირებთ ამის მიღწევას?

აქ მთავარი პრობლემა მეორადი მანქანებია, რომლებსაც გაფუჭებული ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის რაოდენობის მარეგულირებელი დანადგარები აქვთ, რომელიც ევროპულ ავტომობილებს თან ახლავს. მოგეხსენებათ, საქართველოში შემოდის 10 წელზე ძველი მანქანები.

კლიმატის ცვლილება საქართველოზეც აისახა, როგორც ბუნებრივი კატასტროფების და შავი ზღვის სანაპიროს მოწყვლადობის, ისე სოციო-ეკონომიკური ზემოქმედების კუთხით. რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ლეიბორისტული პარტია იმისთვის, რომ მეტ-ნაკლებად შერბილდეს ეს ნეგატიური ეფექტები?

ამ კუთხით ნამდვილად არ გვიფიქრია. ოზონის ხვრელზე პროგრამაში ნამდვილად არაფერს ვამბობთ. ცუდია, რომ ასე ხდება, მაგრამ ამაზე არ გვიფიქრია.

რა პოლიტიკას გაატარებს თქვენი პარტია სივრცითი დაგეგმვის სფეროში, იმისათვის, რომ ქალაქებისა და სოფლების განვითარებამ უზრუნველყოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელი გარემო?

იმისათვის, რომ მოქალაქემ ჯანმრთელ გარემოში იცხოვროს, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ პროდუქცია იყოს ეკოლოგიურად სუფთა. სოფელში სხვა მიდგომაა საჭირო, ქალაქში კი, სხვა პრობლემებია. ეს უფრო ადგილობრივი თვითმმართველობის მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხებია.

ქვეყანაში არსებობს მთელი რიგი მსხვილი დამაბინძურებლები, მათ შორის, მადნეულის სამთო-მოპოვებითი კომპლექსი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურის მანგანუმის სამთო-მოპოვებითი საწარმო და სხვ. ეს საწარმოები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ოპერირებენ. ექნება თუ არა თქვენს პარტიას რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება ასეთი საწარმოების მიმართ? აპირებთ თუ არა რაიმე რეგულირების სისტემის შემოღებას?

რეგულირების მექანიზმები შემოვა იმგვარი, რომ ამ კომპანიების საკონტროლო პაკეტის უდიდესი ნაწილი გადავა სახელმწიფოს ხელში. სახელმწიფო კანონმდებლობით აიძულებს ამ კომპანიებს, დახარჯონ უფრო მეტი თანხა იმისათვის, რომ ფილტრებითა და სხვა საშუალებებით მომწამვლელი ნივთიერებების გაფრქვევა შეამცირონ.

უნდა ავკრძალოთ რადიაციული ნარჩენების საქართველოს ტერიტორიაზე შენახვა. სხვათა შორის, ევროკავშირის ქვეყნებს და სხვა დიდ სახელმწიფოებს რადიაციული ნარჩენები ჩვენს ტერიტორიაზე შემოაქვთ და აქ ინახავენ. პირველ რიგში ეს უნდა ავკრძალოთ.
 

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe