Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საპარლამენტო არჩევნები 2012


ინტერვიუ პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერთან, სერგო ჯავახიძესთან

20 სექტემბერი, 2012 წ.


როგორ შეაფასებთ გარემოსდაცვით სიტუაციას ქვეყანაში და ბოლო პერიოდში განხორციელებულ რა ღონისძიებებს ან რეფორმებს გაიხსენებდით, რამაც დადებითი ან უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ბუნებრივ გარემოზე?

მე თავად ბორჯომიდან ვარ წარმოშობით; ბორჯომში გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ტყეების ჩეხვა. პრობლემურია ასევე ისიც, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჰექტრობით ტყის მასივების უცხოელი ინვესტორებისთვის 40-50 წლით გადაცემა. ჩვენ ამ საკითხებზე შეხვედრები გვქონდა ბორჯომშიც და სვანეთშიც. ლენტეხის რაიონში, მაგალითად, ლენტეხელები ითხოვდნენ ტყის პრივატიზაციას კერძო პირების ან გვარის მიერ.

სათემო ტყეებს გულისხმობთ?

დიახ. ადგილობრივებმა უკეთ იციან რომელი ხე მოჭრან და რომელი, არა - რათა ტყის მასივებს ზიანი არ მიადგეთ. ისინი გადაიხდიდნენ ბუნებრივი რესურსების გადასახადსაც. რა თქმა უნდა, ასეთ სისტემას მონიტორინგიც სჭირდება, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, ტყეების დაცვა პირდაპირ შედის იმ მოქალაქის და სოფლის ინტერესში, რომელსაც ეკუთვნის ტყე. თუკი ადამიანს ეცოდინება, რომ ტყე მისი საკუთრებაა, აუცილებლად მოუვლის; შესაბამისად, ეკოლოგიური პრობლემებიც ნაკლებად დაგროვდება.

აპირებთ, თუ არა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას?

ზემოთ რაც ავხსენი, ამ საკითხზე აუცილებლად წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს. მნიშვნელოვანია ასევე ალტერნატიული ენერგიის ხელშეწყობა. ალტერნატიული წყაროები ძალიან ბევრია საქართველოში, განსაკუთრებით დიდია მზის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები. ეს ენერგიის ძალიან იაფი და ძალიან მომგებიანი წყაროა.

როგორ შეაფასებდით დაცული ტერიტორიების არსებულ სისტემას?

ამ სფეროზეც იგივეს ვიტყვი - არ შეიძლება, რომ ყველაფერი სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს. სახელმწიფო ვერ შეინახავს ნაკრძალებს და მსგავს ტერიტორიებს. თუ ეს ტერიტორიები გადაეცემა კერძო პირებს, უფრო მეტად იქნება დაცული და მოვლილი, რადგან ადამიანი პირადად იქნება დაინტერესებული, რომ ვთქვათ, ბრაკონიერი არ შეუშვას ან ხე არ მოაჭრევინოს; თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.

ბოლო პერიოდში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც წითელი ნუსხის სახეობებზე დაიშვა ნადირობა; როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებას?

სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცუდია. თუ წინა საუკუნეს გავიხსენებთ, ძალიან ბევრი სახეობის ნადირი იყო ქვეყანაში.

დათვს, მაგალითად, არავითარი ზარალის მოტანა არ შეუძლია, ამიტომ დათვზე თუ დაუშვებენ ნადირობას, ძალიან ცუდი იქნება. არავითარი ზარალი არ მოაქვს ასევე შველს და ირემს. ზოგ შემთხვევაში, ცუდი მდგომარეობაა მგლების მომრავლების თვალსაზრისით. ხშირად გვესმის, რომ მგელმა 40-50 სული ცხვარი გაანადგურა. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, დაშვებული უნდა იყოს, რომ თავად სოფელმა ან სახელმწიფომ გაასუფთაოს ის ნაწილები, სადაც მგელი ბინადრობს.

მგლებს ჯოგური ცხოვრება ახასიათებთ, თავისი ტერიტორიები აქვთ მონიშნული, შემოსაზღვრული და არ ლახავენ ამ საზღვრებს. თუ ეს ზიანის მომტანია, რა თქმა უნდა, უნდა განადგურდნენ; მაგრამ თუკი, ვთქვათ, ეს ეკოლოგიის შემადგენელი ნაწილია, მაგალითად, მგლები ავადმყოფ ვირებს შეჭამენ - ეს აუცილებელია.

ახლა ენერგეტიკაზე ვისაუბროთ; როგორ შეაფასებდით საქართველოს ენერგო-სექტორს და რა პრიორიტეტებს გამოყოფს თქვენი პარტია ამ სფეროში?

ჩვენ გვაქვს ჰიდრორესურსები და რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურები შეიძლება მეტი იყოს. იმდენი მდინარეები და ჩქარი ღელეები გვაქვს, რომ შეიძლება სოფელს ჰქონდეს თავისი ალტერნატიული ენერგიის წყარო. მცირე ჰესებით შეიძლება იმ რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება, რომ ვთქვათ, 50 ოჯახი დააკმაყოფილოს. თან არავითარი სახელმწიფო ინვესტირება არ იქნება საჭირო ჰესის მოვლაზე - თავად გლეხი მოუვლის თავის ენერგიის წყაროს.

ჩვენ ვაპირებთ მზის ენერგიის პროექტზე მუშაობას, გერმანელებთან უკვე გვქონდა ძალიან სერიოზული საუბარი ამ თემაზე. შესაძლებელია ჩვენი ძალებით, გერმანული მხარის დახმარებით, შევეცადოთ, დავნერგოთ რამოდენიმე ადგილზე ასეთი პროექტი.

როგორ შეაფასებდით სატრანსპორტო სექტორში შექმნილ მდგომარეობას?

ამ სფეროში ძალიან საინტერესო ტენდენციებია. შემოტანილი ბენზინის ხარისხთან დაკავშირებით ეხლა, რა თქმა უნდა, უკეთესი მდგომარეობაა. ბენზინში ტყვიის შემადგენლობა ძალიან მაღალი იყო. მე იმ დროს ფინანსურ პოლიციაში ოპერატორის უფროსი ვიყავი და ბრძანებით, რა თქმა უნდა, ყველასთან შეთანხმებით, დავხურე ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. დღეს საქართველოში რეალურად ხარისხიანი ბენზინის და საწვავის წარმოება შეუძლებელია, მაგრამ შემოტანაზეც უნდა დაწესდეს მონიტორინგი. მე მგონი, ძალიან დიდი განსხვავებაა სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოტანილ საწვავებში. ვატყობ, რომ არსებობს ბენზინის გაზით ჩანაცვლების ტენდენციაც. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა - იაფი ჯდება; თან გაზი მთლიანად იწვის, ბენზინთან შედარებით, ჰაერს ნაკლებად დააბინძურებს.

ცნობილია, რომ დასახლებულ პუნქტებში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია. თუ გეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას და რა გზებით?

ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა. ეს პრობლემა შედარებით სუსტია გარეუბნებში. კარგი იქნება, თუ ადამიანები მიეჩვევიან ფეხით სიარულს. მე, მაგალითად, მომხრე ვარ, რომ ავტოტრანსპორტის ფლობა და შენახვა დაჯდეს გაცილებით ძვირი (სავალდებულო დაზღვევისა და მთელი რიგი სხვა მოთხოვნების გამო), რათა ადამიანმა ნაკლებად იმოძრაოს ტრანსპორტით. ჯანმრთელობისთვისაც კარგი იქნება და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. ალბათ, ამის დროც მოვა საქართველოში, მაგრამ ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ადამიანში თვითშეგნება გავზარდოთ - არ არის აუცილებელი, სახლიდან მაღაზიაში მანქანით მიხვიდე.

ურბანული დაგეგმარება, გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების შემადგენელი ნაწილია, როგორ შეაფასებთ სიტუაციას და როგორ პოლიტიკას გაატარებს თქვენი პარტია ამ სფეროში?

პირველ რიგში, სოფელი უნდა გახდეს მიმზიდველი: სოფლად უნდა არსებობდეს ყველანაირი კომუნიკაცია - გზა, ტრანსპორტი, ბოჭკოვანი კაბელი, ინტერნეტი, წყალი... სოფლად უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომ ადამიანი ქალაქს გაერიდოს. ეს ძალიან კარგი იქნება ეკოლოგიისთვისაც და ადამიანების ჯანმრთელობისთვისაც.

მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილების გამო ბოლო პერიოდში გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები; აქვს, თუ არა პარტიას რაიმე პრიორიტეტები კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისთვის?

მე არ მიყვარს პოპულისტური განცხადებები; ვერ დაგპირდებით იმას, რისი შესრულებაც შეუძლებელია. ჩვენი პრიორიტეტია, რომ გლეხს ალტერნატიული ენერგიის წყარო ჰქონდეს, რათა ტყე ნაკლებად გაიჩეხოს. ასეთ ალტერნატიული ენერგიის წყაროდ ჩვენ მიგვაჩნია მზის ენერგია. ეს ეკოლოგიურადაც ძალიან მისაღებია.

რას ფიქრობთ მსხვილ დამაბინძურებლებზე? საჭიროა, თუ არა ასეთი საწარმოების მიმართ განსაკუთრებული მიდგომების გამოყენება?

ამ საწარმოების გაჩერება შეუძლებელია, მაგრამ სახელმწიფო აუცილებლად უნდა ატარებდეს დაბინძურების მონიტორინგს. ასევე ჯანდაცვის სამინისტრომაც უნდა მიაქციოს ყურადღება დაავადებების სტატისტიკას. თუ ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ამ საკითხზე ყურაღებას გავამახვილებთ.

 

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe