Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საპარლამენტო არჩევნები 2012


ინტერვიუ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გელა კვაჭანტირაძესთან.

12 სექტემბერი, 2012 წ

როგორ შეაფასებთ ქვეყანაში გარემოსდაცვით მდგომარეობას? ბოლო პერიოდში განხორციელებულ რა ღონისძიებებს გაიხსენებდით რამაც დადებით ან უარყოფით გავლენა მოახდინა ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაზე ან ბუნებრივ გარემოზე?

მიმაჩნია, რომ ამ საკითხებში საკმაოდ ჩამოვრჩებით იმ საერთაშორისო პროცესებს და მოვლენებს, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ვხედავ, რომ ამ კუთხით ძალიან ცოტა რამ კეთდება.

ჩვენი პარიტია გარემოს დაცვის საკითხებს არ განვიხილავს როგორც მხოლოდ ბუნების დაცვას, არამედ განვიხილავთ გარემოს დაცვის საკითხებს კომპლექსში, ეს არის: გარემოს დაცვა, ეკონომიკური აქტივობა, საზოგადოების და სოციალური აქტივობა. შესაბამისად ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი არის განვითარების ისეთი სწორი სტრატეგიის არჩევა, რომელიც ჩაჯდება იმ ხედვაში და აზროვნებაში, რასაც ქვია თანამედროვე ეკოლოგიური აზროვნება და დამოკიდებულება ეკონომიკური პროცესებისადმი, გარემოს პროცესებისადმი და ა.შ.

რა პრიორიტეტებს გამოყოფს ედპ საარჩევნო პროგრამის გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების ნაწილში?

ერთ-ერთი ცენტრალური პრიორიტეტია, რომ დავნერგოთ გარემოს დაცვის მონიტორინგის თანამედროვე სისტემა. საჭიროა შეიქმნას თანამედროვე მონიტორინგის სისტემა, სტანდარტები და შესაბამისი კანონმდებლობა.

ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს ავტომობილების გამონაბოლქვი და მასთან დაკავშირებული საკითხები. ეს არის კატასტროფა რაც საქართველოში ხდება. თან დაკავშირებულია ნავთობ ბიზნესის ინტერესებთან და უხარისხო საწვავთან, ეს არის რაღაცა საშინელება რაც ჩვენთან ტრიალებს.

ცენტრალური საკითხი, რომელიც არ მინდა გამომრჩეს, არის ტყითსარგებლობა, ტყის რესურსების მართვა. რეალურად მართვის პროცესი აღარ არსებობს. ამასთან, გონიათ რომ თუ რაღაცის პრივატიზაციას გააკეთებ ის შენ [სახელმწიფოს] უკვე აღარ გეხება და სახელმწიფოს რაღაც სხვა ეხება.

რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავთ და რა ხარჯებია განსაზღვრული მიზნის მისაღწევად?

პირველი ინიციატივა, რაც „ედპს“ კონცეფციის დონეზე აქვს მზად, არის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარების, ანალიზის და მონიტორინგის თანამედროვე სისტემის შექმნა და მისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. მეორე წყლის და საკანალიზაციო სისტემების მართვის, და მონიტორინგის სისტემა. იგულისხმება რა თქმა უნდა გაწმენდა და ყველა ის ღონისძიებები, რაც საჭირო არის.

შემდეგი, საწარმოო ნარჩენების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პრობლემაა. ჩვენ, მრავალი წელია ვლაპარაკობთ რომ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს. აქაც აუცილებელია ასევე საკანონმდებლო რეგულაცია. ერთ-ერთი პირველი, თუ რა თქმა უნდა გავიმარჯვებთ და ყოველ შემთხვევაში ტრიბუნა გვექნება, ეს საკითხი უნდა წამოვწიოთ. გარდა ამისა, უნდა წამოვწიოთ განახლებად ენერგიებზე საკანონონმდებლო რეგულაციების პრობლემა, აგრეთვე ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით. კავკასია და საქართველო განსაკუთრებით, არის ენდემური ფლორისა და ფაუნის რეგიონი, და ერთ-ერთი უდიდესი ცხელი წერტილი მსოფლიოში ამ მიმართებით.

უპივრელესად, აუცილებელია ინსტიტუციონალური ცვლილებები. მაგალითად, ჩვენ გვქონდა მცდელობა გასულ წელს, რომ ეკონომიკის სამინისტროს შეექმნა მდგრადი ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტი და ჩვენ მივაწოდეთ ინსტიტუციური გეგმა, რომ საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დამცველები, ეკონომისტები და ა.შ. რომლებიც ერთობლივად გააკეთებდნენ ექსპერტიზას და ინიცირებას იმ პროექტების, რომელიც აუცილებელია გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

ჩვენ წამოვწიეთ განახლებადი ენერგიების და ნარჩენების საკითხი. ანუ შევთავაზეთ, რომ გავაკეთოთ რამდენიმე საპილოტე პროექტი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს რათა დავინახოთ შედეგი და ამის შემდეგ გავატაროთ პოლიტიკა ქვეყანაში.

მე მიმაჩნია, რომ დაფინანსების თვალსაზრისით გარემოს დაცვა, ეს უნდა იყოს ქვეყანის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

განათლება, ეკონომიკა და ეკოლოგია, ეს არის ის სამი ბურჯი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, იმისთვის, რომ ჩვენ მართლა ევროპული სივრცის ნაწილი გავხდეთ და რაიმე სახის განვითარებაზე ვილაპარაკოთ.


როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად ხდება დღეს ქვეყანაში სატყეო რესურსის გამოყენება და რამდენად არის ის ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, კანონიერების ფარგლებში?

პირველი რაც თვალში გვხვდება და გაოცებას იწვევს, არის ის, რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთმა ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა განაცხადა: „რა პრობლემაა გაუადვილეთ ხალხს ხე-ტყის მოჭრა“. მოსახლეობა, რომელსაც ფული არ ჰქონდა, ჭრიდა უკონტრილოდ, ყოველგავრი წესის დაცვის გარეშე. მოსახლეობა ჩააგდეს გამოუვალ მდგომარეობაში. ახლა კი, როდესაც უკმაყოფილების მუხტი დაგროვდა, მათ უთხრეს: მიდით, მოჭერით რა პრობლემაა.

ნათელია, რომ არ გაგვაჩნია ამ მხრივ რამე პოლიტიკა. წლების განმავლობაში ეს უბედურება ტრიალებს, მომდინარეობს უკანონო ჭრა და დღეს ეს ხდება არა ვიღაცა კონტრაბანდისტების მიერ, არამედ ხდება დაკანონებულად. გამიჭირდება პირდაპირ დავადო ვინმეს ხელი, მაგრამ ვიცი, რომ რაიონებში ჭრა მიმდინარეობს ყოვლად მიუღებელი წესით. უნდა ხდებოდეს რესურსების გამოყენების დაგეგმვა გონივრულად და არა მავნებლურად.

საქართველოს ენერგოსექტორში განხორციელებულ ღონისძიებებს როგორ აფასებთ და რა პრიორიტეტებს გამოყოფს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ასევე, რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ?

ჩვენ მდიდრები ვართ ჰიდრორესურსებით რომელიც იაფია და ეკონომიკურად რენტაბელური. ,კარგია, რომ იგეგმება სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებლობა, თუმცა სხვა საკითხია რამდენად სრულყოფილია ეკოლოგიური ექსპერტიზა და რამდენად არის დაცული გარემო. თავისთავად ენერგეტიკის ამ დარგის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ხანდახან ანეგდოტურ სიტუაციებს ვაწყდებით. მაგალითად, ყოვლად უსაფუძვლო აჟიოტაჟი იყო ატეხილი ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე. ინიციატორებს ალბათ გაგონილი ჰქონდათ ეგ თემა და ეგონათ, რომ რაღაცას ააშენებდნენ უცბად, ეს იმუშავებდა და იქნებოდა სასარგებლო.

აუცილებელია, განახლებადი ენერგიების წინ წამოწევა. დღეს მსოფლიოში განახლებადი ენერგიების წვლილი 5% - ზე ნაკლებია, მაგრამ საყოფაცხოვრებო მოხმარებაში ამ ენერგეტიკის წვლილი ძალიან დიდია სინამდვილეში. მაგ. შვეიცარიაში ბოლო წლებში აშენებული სახლების მესამედი თბება და მოიხმარს გეოთერმული წყაროების ენერგიას. ეს არის ერთ-ერთი გადაუდებელი საკითხი, რომელიც ჩვენ დღესვე უნდა ჩავდოთ ჩვენს ენერგეტიკის განვითარების პოლიტიკაში, ეკონომიკის განვითარების პოლიტიკაში,

როგორ შაფასებთ საქართველოს ტრანსპორტის სექტორს. რა პრობლემებს ხედავთ და როგორ აპირებთ მათ გადაჭრას?

ტრანსპორტთან მიმართებაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის საწვავის პრობლემები, მისი ხარისხიანობის, ვარგისიანობის, ავტომანქანების ექსპორტის და იმპორტის. ეს პრობლემები სერიოზულად აფერხებდნენ ამ საკითხის განვითარებას. სტანდარტების დანერგვა, თუნდაც ეტაპობრივად, დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით იძლევა იმის საშუალებას, რომ მკვეთრად შევამციროთ გამონაბოლქვი აირები,


ექნება თუ არა თქვენს პარტიას რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება მსხვილი დამაბინძურებლების მიმართ?

გვაქვს ზესტაფონის ფერო, ჭიათურ-მანგანუმი, კვარციტი, ტყიბულის მაღაროები და ა.შ. საჭიროა ამ წერტილების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა და რეგულაციებში ჩასმა. მხოლოდ აკრძალვით საქმე არ კეთდება.

როგორ გეგმავს პარტია მსხვილი საწარმოების ისტორიული დაბინძურების პრობლემა გადაჭრას?

ჩვენ მოვდივართ ისეთი სისტემიდან, რომელშიც იყო ბარბაროსული დამოკიდებულება გარემოს მიმართ. ვიძახდით, ჯერ ავაშენებთ ქვეყანას და მერე მოვიცლით რაღაც ეკოლოგიისთვის. ის ძველი საწარმოები რაც შემოგვრჩა, ცხელი წერტილებია. მათ შორის, იგივე კვარციტი, სადაც ციანიდები იხმარება ოქროს გადამუშავების დროს და მისი მარილები გამოიყოფა გარემოში, მდინარეში. ეს არის კატასტროფა გარემოსთვის. დარიშხანის საბადოები არის ურავში (რაჭა). ცანაში (სვანეთი) არის კიდევ დარიშხანის საბადოები. გასაგებია, რომ ჩვენ ეს მემკვიდრეობით შემოგვრჩა და ვფიქრობ, რომ ის რისი მოდერნიზაციაც შესაძლებელია გარემოს დაცვითი თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

ასევე, რადიოაქტიური ნარჩენები პრობლემაა საქართველოში. შემორჩენილია მთელი რიგი კერები, რაც ცნობილია და ის კილონახევარი ურანი, რომელიც მცხეთის რეაქტორიდან გავიტანეთ, იყო ზღვაში წვეთი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა და ეს არის ის საკითხები, რომელიც არ ძველდება. საჭიროა, მონიტორინგი და შესწავლა.

რას გააკეთებს თქვენი პარტია იმისთვის, რომ სოფლად და ქალაქად უფრო ჯანსაღი სივრცე შეიქმნასადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის?

სხვათაშორის ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს კონცეფციის დონეზე. მოგეხსენებათ თბილისი თავკომბალაა, რეგიონები მიტოვებულია, განადგურებულია. თუ გადავხედავთ საარჩევნო კამპანიას, ჩანს საშინლად არაკვალიფიციური დამოკიდებულება, რომ სოფლის მეურნეობა უნდა ავაღორძინოთ, ეს გადაარჩენს სოფელს. ეს არის აბსოლუტური ზღაპარი ეკონომიკის, ასევე ეკოლოგიის თუ სოციალური თვალსაზრისით. იმისთვის, რომ გარემო იყოს ჯანსაღი და კომფორტული სოციუმისთვის, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, ეკოლოგია და მათ შორის სოფლის მეურნეობა თუ გნებავთ აგროსექტორი და ა.შ. კომპლექსში უნდა განვითარდეს ისე, რომ ქალაქსა და სოფელს შორის დიდი განსხვავება არ იყოს. ჩვენ რეგიონებს ასე უნდა შევხედოთ, კომპლექსურად უნდა განვავითაროთ ყველაფერი, ეს გამოიწვევს ისეთი სწორი ბალანსის დამყარებას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ჩვენი კონცეფცია ემყარება რეგიონების განვითარებას საქართველოში და არა სოფლის მეურნეობის განვითარებას. სოფლის მეურნეობა ეს არის ძალიან დაბალ რენტაბელური დარგი, რომელშიც მოსახლეობის 1% თუ მუშაობს. თანამედროვე სოფლის მეურნეობას იმდენ პროდუქტს ქმნის, რომ ის ეყოფა 10 ჩვენზე დიდ ქვეყანას. თუნდაც მოლდოვაში მშპ-ს 70% მომსახურების სფეროზე მოდის, 25-30% ინდუსტრიაზე, მაღალი ტენოლოგიების სექტორზე და სოფლის მეურნეობაზე მოდის 2%ზე ნაკლები. თითქმის იგივეა სხვა ქვეყნებში. თქვენ თუ მიზნად დაისახავთ, რომ თქვენს ქვეყანაში წამყვანი დარგი იყოს მხოლოდ სოფლის მეურნეობა, იქნებით აგრალური, ჩამორჩენილი, მე-17 საუკუნის ქვეყანა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა არ გვინდა, მაგრამ რეგიონული განვითარება უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. ეკოლოგია, ეკონომიკა და სოციალური სფერო ეს არის ის სამი ბურჯი, რასაც განვითარება უნდა დაეყრდნოს.

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe