Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საპარლამენტო არჩევნები 2012


ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გენერალური მდივანი ლევან ვეფხვაძე

5 სექტემბერი

როგორ აფასებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გარემოსდაცვით სიტუაციას ქვეყანაში?

მინდა ვთქვა, რომ ძალიან ხშირად ეკონომიკის განვითარებასა და გარემოს დაცვას შორის ჩნდება გარკვეული დილემური სიტუაციები - არჩევანის მდგომარეობა, თუმცა მეორეს მხრივ, მიგვაჩნია, რომ თუკი ადამიანი დღეს ზრუნავს ბუნებაზე, ესე იგი ზრუნავს საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე.

გარემოსდაცვით სიტუაციას რაც შეეხება, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20-25%, როგორც მახსოვს სტატისტიკა, არის დამეწყრილი. ეს სერიოზული პრობლემაა და უკონტროლო ხე-ტყის ჭრის შედეგია და ეს პირდაპირ აისახება კონკრეტულ ადამიანებზე. დამეწყვრის გარდა პრობლემაა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელშიც ასევე ძალიან დიდი ფულია ჩადებული, თუმცა ყოველი წვიმის მერე ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი შედეგი ამას არ მოყვება. რაც შეეხება ტყეს, ეს ძალიან ფაქიზი თემაა. კონკრეტულ რაიონების სამეურნეო საქმიანობა მიბმულია სწორედ ტყეზე. მაგალითად ბორჯომიში და ხარაგაულში ადამიანები ბოლო წლების განმავლობაში ტყით არსებობდნენ. იგივე შეშის თემა, რომელიც უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას - ზამთარში გათბობას.

თვლით რომ ტყის რესურსის გამოყენების თვალსაზრისით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი არ არის დაცული?

როცა მოსახლეობას ვხვდებით, ისინი ჩივიან, რომ ხელისუფლება მათ აჯარიმებს. თითქმის ყველა ოჯახში არის თითო ადამიანი, რომელსაც პირობითი სასჯელი აქვს მხოლოდ იმის გამო, რომ მან უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ხე-ტყის კუთხით აწარმოა. არის დიდი ნაწილი, რომლის საქმეც 177, ქურდობის მუხლით გადის. ერთის მხრივ ამან შეაჩერა ხე-ტყის ჭრა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე სოციალური ეფექტი მივიღეთ იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრი ოჯახი დარჩა სარჩოს გარეშე, ძალიან ბევრ ოჯახს გაუძვირდა ზამთარში გათბობა, იმიტომ რომ დეფიციტი შეიქმნა, რაც ნიშნავს გაძვირებას. აქაც დილემის წინაშე ვართ, დავიცვათ ტყე თუ მივცეთ კონკრეტულ მოსახლეობას ის ტყე, სამეურნეო საქმიანობისთვის? ხელისუფლებამ გადაწვეტილება მიიღო, ესეთი, რომ კონკრეტული ადამიანი თუ გადაიხდის ფულს და იყიდის ბილეთს, შეუძლია მოჭრას. ყველას ამის შესაძლებლობა არ აქვს და შესაბამასად, მეტ-ნაკლებად ტყე დაცულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ფიზიკურად ვერ არის დაცული, იმიტომ რომ მათი ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ხე გამოიტანოს და დაამზადოს იმისგან, ვთქვათ, სკამი და გაყიდოს. ჩადით ახალდაბაში და ნახავთ, რომ ხალხს საერთოდ არ ადარდებს გარემოს დაცვა. მათთვის მთავარია ეკონომიკური სარგებელი ტყისგან და ზამთარში გათბობის თემა.

„მწვანე ალტერნატივა“: ფიქრობთ თუ არა, რომ ტყის რესურსის სწორი ეკონომიკური გამოყენება ხდება?

ლევან ვეფხვაძე: საერთოდ ეს დილემური საკითხია, რაც ნიშნავ იმას, რომ პირველი ჩვენი მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ ტყისგან ვერ ვიღებთ იმ ეკონომიკურ სარგებელს, რაც ნორმალურმა, განვითარებულმა ქვეყანამ შეიძლება მიიღოს. ტყის სწორი ეკონომიკური გამოყენება ვერ ხერხდება. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რომ წაახალისოს არა ხე-ტყის ექსპორტზე გატანა, არამედ წარმოება, როცა იგივე ოდენობის ხე-ტყით ადამიანები დასაქმდებიან. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ამ კუთხით არ მიდის, იმიტომ, რომ გატანაზე მეტად მნიშვნელოვანია წარმოების წახალისება, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანების დასაქმების საშუალებას მოგვმცემს. მეორე, ეს არის გათბობის თემა რაც ასევე ძალიან მძიმეა. „ნაციონალური მოძრაობა“ იტყუება, რომ ყველა სოფელში იქნება გაზი, იმიტომ რომ მაღალმთიან რეგიონებში გაზი ვერასდროს ვერ იქნება. მაგალითად, სვანეთში. ვინც დაგვრჩება გაზის გარეშე, იმათაც ხომ ჭირდებათ გათბობა. გამოსავალი არის პირველი ის, რომ სახელმწიფომ განახორციელოს პირდაპირი ინვესტიცია, რომ რაც შეიძლება დაჩქარდეს გაზიფიკაცია იქ, სადაც შესაძლებელია. ამით ჩვენ საკმაოდ დიდ ფართობებს გადავარჩენთ გაჩეხვისგან. მეორე, იქ სადაც ვერ მივა ვერასდროს გაზი, როგორც გათბობის საშუალება, იყოს ალტერნატიული გათბობის შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს დენის ტარიფის პირდპირი სუბსიდირება მაგალითად, სვანეთში, ისევე როგორც ყაზბეგშია.


როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ენერგეტიკის სექტორში?

ენერგეტიკასთან დაკავშირებით ჩვენი შედარებით მარტივი ხედვა გვაქვს. აქ საუბარია გამანაწილებელი ქსელების გამოსყიდვაზე, სახელმწიფო ინვესტიციაზე ენერგეტიკაში. ქართული ბიზნესისთვის, ქართული წარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია იაფი ენერგორესურსების შექმნა. როცა ლაპარაკია ჰესებზე, ინვესტორი რომელიც შემოდის საკუთარი ინტერესები აქვს ტარიფების მიმართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტარიფი თითქმის გასამმაგდება და არანაირი რელური ეფექტი ქვეყნის შიდა ბაზარზე ამას არ იქნება. ეს ყველაფერი კეთდება ექსპორტისთვის. ნებისმიერი ჰესი გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, რაც არ უნდა პატარა იყოს ის. მაგრამ ქვეყნისთვის უნდა გვიღირდეს თ რამეს ვაკეთებთ და ახლა რაც კეთდება, ეს არ გვიღირს. ის ნამახვან ჰესი რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მდინარე რიონის ხეობას, ან დაგვეკარგოს ტვიში. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი უნდა უღირდეს მოსახლეობას. ჩვენი პოლიტიკა ასეთია - განხორციელდეს სახელმწიფო ინვესტიცია იმისთვის, რომ ენერგეტიკა გაიაფდეს.

ტრანსპორტის სექტორში რა პრობლემებს ხედავთ და რის გაკეთებას აპირებს თქვენი მოძრაობა?

სატრანსპორტო სექტორის განვითარებისთვის მთავარი ეს არის გზები. ამ შემთხვევაში ორიგინალურები არ ვიქნებით და ვიტყვით, რომ უნდა გავაგრძელოთ ის რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაგისტრალური გზების გარდა, ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს შიდა გზების მოწესრიგებაზე სოფლად, იმიტომ რომ სხვანაირად სოფელში მუდმივად იქნება ის პრობლემა, რაც დღეს არის. დაახლოებით მილიარდ 400 მილიონი ჯდება, შიდა გზების მოწესრიგება სოფლად. აქედან გამომდინარე, წელიწადში 300-400 მილიონის დახარჯვა მოგვიწევს სწორედ იმისათვის, რომ ამინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდეს.

ურბანულ დასახლებებში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილის გამონაბოლქვია. გიფიქრიათ თუ არა ამ პრობლემის მოგვარებაზე და როგორ აპირებთ ამას?

ერთადერთი გამოსავალი არის, ყოველ მანქანას გამონაბოლქვზე დაუწესო გადასახადი ან ჯარიმა. სამწუხაროდ, ჩვენი სოციალური მდგომარეობის ქვეყანაში, საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როდესაც მდიდარი ამ გადასახადს არ გადაიხდის, იმიტომ რომ მას ახალი მანქანა ყავს, გადაიხდის ყველაზე ღატაკი და ღარიბი. მაგალითად, ტაქსისტს, რომელიც დადის, 92 წელს გამოშვებული ოპელ ვექტრათი და რომელსაც გლანდებივით აქვს ამოჭრილი კატალიზატორი. ეს არის პრობლემა, რომელიც მე სიმართლე გითხრათ, როგორ უნდა მოგვარდეს არ ვიცი.

ტექნიკური დათვალიერება კიდევ ნიშნავს იმას, რომ ვერც ერთი მანქანა ვერ დააკმაყოფილებს სტანდარტს და ყველა მანქანა უნდა დააბრუნო.

რა პრიორიტეტები გაქვთ საქართველოზე კლიმატის ცვლილებისშედეგად გამოწვეული პრობლემური ეფექტების შესარბილებლად?

ყველაზე მთავარი არის პრევენცია და პრევენცია მდგომარეობს ახალ განსახლებაში. ჩვენთან ეკომიგრანტის სტატუსი არ არსებობს, ანუ სახელმწიფო უარს ამბობს ეკომიგრანტის სტატუსის შემოღებაზე. მაგალითად, იმ 300-400 ოჯახზე, რომელიც ხელვაჩაურიდან, ხულოდანაა ამოყვანილი ოჯახებზე თეთრწყაროში, სახელმწიფომ ვალდებულება უნდა აიღოს. ესეც კი არ გააკეთა სახელმწიფომ, რომ სახლები, რომელშიც ეს ოჯახები ცხოვრობენ შეეძინა. მეორე საკითხია მდინარის კალაპოტების ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება, რომელიც უხარისხოდ კეთდება. მთავარი არის ის, რომ ხარისხიანად ჩატარდეს სამუშაო და არ უნდა იყოს იმაზე ფიქრი, ვინ რას მოიგებს და ვინ რას წაიღებს სახლში.

რა პოლიტიკას აირჩევს თქვენი მოძრაობა მსხვილ დამაბინძურებლებთან ურთიერთობისას? აპირებთ თუ არა რაიმე ტიპის რეგულირების სისტემის შემოღებას?

ლოკალურ დონეზე გვაქვს დაბინძურების პრობლემები. მაგ. ბოლნისი, ზესტაფონი, კასპი, რუსთავი სადაც გვაქვს ავადობების მომატებული სტატისტიკა. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჩივიან და იძახიან, რომ იმ რაიონებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს საკუთარი პასუხისმგებლობის აღება, ჩარევა და კონკრეტული საწარმოებისათვის რაღაც კუთხით ისეთი ტიპის შეღავათების შექმნა, რომ მათი ინვესტიცია გარემოზე ზემოქმედების შემცირების კუთხით, მათ თვითღირებულებაზე არ აისახოს.

რაც შეეხება ოქროს აქ იმხელა შემოსავლებზეა ლაპარაკი, აქ სტანდარტები და მოთხოვნები უნდა იყოს ძალიან მკაცრი, იმიტომ რომ ადამიანების და ბუნების ხარჯზე განხორციელებული მოგება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორია. ამ შემთხვევაში ის სოლიდარობის თემა უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ შენ რომ 100 მილიონს შოულობ, იქ მდინარე მაშავერა იქნება თუ რაც იქნება დაიცვა აი ამ ყვითელი სპილენძიანი წყლისგან, რომელიც მერე ხვდება ქართულ ბაზარზე პროდუქტების სახით და მივირთმევთ ყველანი ჩვენ. ამის მოსაგვარებლად ერთი მუშტის დარტყმა საკმარისია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, როგორც ჩანს აი ამ ოქროზე პირდაპირაა მიბმული და არავის არ უნდა საკუთარი ჯიბიდან მოიკლოს შემოსავალი. რაც შეეხება ცემენტს, ცემენტი ცოტა რთული თემაა. იმიტომ რო, პცემენტის პრობლემა უკავშირდება თვითღირებულების საკითხს. როგორც კი შენ მას სთხოვ სტანდარტებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ტომარაზე 20-30 თეთრით მაინც უნდა გაზარდოს ფასი. ამიტომ აქ ალბათ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ სახელმწიფომ სხვა ტიპის შეღავათი გაუწიოს. ეს შეიძლება იყოს გრძელვადიანი კონტრაქტი და გრძელვადიანი შეკვეთა, იმ დროს, როცა დატვირთვა არ აქვს ქარხანას მაგალითად ზამთრის სეზონზე. სახელმწიფომ მიზნობრივად გადაიხადოს ნახევარი პროცენტით ძვირი ამ ცემენტის შესყიდვაში, მაგრამ გარანტია გვექნება იმის, რომ მერე ამ ფულით ეს ქარხანა შესაბამის ფილტრებს დააყენებს და ეს ცემენტის მტვერი არ აღმოჩნდება ჩვენი მოქალაქეების ფილტვებში.

 

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe