Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საპარლამენტო არჩევნები 2012


 “ჩვენ ნელ-ნელა, ეკოლოგიური სიტუაცია უნდა შევცვალოთ სახელმწიფოში” – გია გაჩეჩილაძე

ინტერვიუ „მწვანეთა პარტიის“თავმჯდომარესა და კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრ გია გაჩეჩილაძესთან

როგორ აფასებს კოალიცია „ქრთული ოცნება“ გარემოს დაცვით სიტუაციას ქვეყანაში?


კატასტროფიულად. ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები იქნა შეტანილი, რომლებიც უპრეცედენტოა თავისი აფსურდულობით და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებით. მაგალითად, 20 მარტს მიღებული კანონის ძალით, ყოველ ადამიანს შეუძლია გადაიხადოს ფული და გაანადგუროს ყველაფერი და ამისთვის არავითარი, არც ადმინისტრაციული, არც სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ჩვენ ეს საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ.

რა პრიორიტეტებს გამოყოფს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით თქვენი პარტია საარჩევნო პროგრამაში?

გია გაჩეჩილაძე: პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, მსგავსი საკანონმდებლო აბსურდები უნდა გაუქმდეს. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვება დაცულ ტერიტორიებში. მეორე რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. მერე მოდის მთელი ნუსხა იმ საკანონმდებლო აქტებისა რომელიც თავიდან შესაქმნელია. ჩვენ მთელი რიგი ვალდებულებები გვაქვს აღებული ევროკავშირთან პარტნიორობის ხელშეკრულებებში. მეორეს მხრივ, საქართველოს თავისი სპეციფიკა აქვს და აქედან გამომდინარე ჩვენ უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი პოლიტიკა გვჭირდება. იმიტომ რომ, სენსიტიური რეგიონი და მთა-გორიანი ქვეყანა ვართ. ძალიან რთული რელიეფური და გეოდინამიური პროცესებია ჩვენს რეგიონში, თუნდაც, ტყეებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. განსაკუთრებული აქცენტები დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე გაკეთდება.

პირველი რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ჰარმონიზაციაა, საერთაშორისო ვალდებულებების და შეთანხმებების შესრულება გარემოს დაცვის სფეროში.დაკვირვების, მონიტორინგის სისტემის გაძლიერება. რაც შეეხება შიდა კანონმდებლობას, პირველ რიგში უნდა დაიწყოს გარემოს დაცვის სტრუქტურების გაძლიერება. სამინისტრო, რომელიც ფაქტიურად იქცა საპენსიო ადგილად და არანაირი ფუნქცია აღარ აქვს, სამინისტრო გაქრა. ამიტომ, ამ სამინისტროს გაძლიერება ჭირდება ბუნებრივია და ეს, რა თქმა უნდა, სამინისტროსთვის ფუნქციების ისევ დაბრუნებით უნდა მოხდეს. ეს არის ლიცენზირების ფუნქცია ბუნებრივ რესურსებზე, ეს არის მონიტორინგის სისტემის გაძლიერება, ეს არის კონტროლის მექანიზმების გაძლიერება, ექსპერტიზის, ეკოლოგიური ექსპერტიზის, გარემოს დაცვითი ნებართვების თვალსაზრისით. ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება არსებულ დამახინჯებულ კანონმდებლობებში თავიდან ცვლილების შეტანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით რამდენიმე კანონია: ეს არის გარემოს დაცვითი ნებართვების შესახებ კანონი, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ კანონი, აღმასრულებელი ხელისუფლების და ფუნქციების შესახებ კანონი, და რა თქმა უნდა ლიცენზირების შესახებ კანონი. პარალელურად, ამას მოჰყვება დარგობრივ კანონებში ცვლილება – ეს არის წყლის კანონი, ტყის კოდექსი, ატმოსფერული ჰაერის დაცვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გარემოს დაცვის სამინისტროს სტრუქტურული გაძლიერება და ისეთ მძლავრ მექანიზმად გადაქცევაა, რომლის გარეშეც ძალიან სერიოზული პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნება ქვეყანაში. ჩვენ ნელ-ნელა, ეკოლოგიური სიტუაცია უნდა შევცვალოთ სახელმწიფოში.

რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავთ და რა ხარჯებია განსაზღვრული მიზნის მისაღწევად?

განსაკუთრებული ხარჯების გაღება არ იქნება საჭირო. ერთადერთი, მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას დასჭირდება გარკვეული ხარჯები. საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, საქართველოში 150-მდე დაკვირვების პუნქტი იყო და ჰიდროქიმიური დაკვირვების 114 პუნქტი,რომელიც მდინარეების ქიმიურ შემადგენლობას აკვირდებოდა. ამიტომ, ამ სისტემის აღდგენას აუცილებელი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. იგივე ამინდის პროგნოზების თვალსაზრისით, იგივე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დაკვირვების თვალსაზრისით.

საქართველოში მასიურად მოიხმარება ტყვიის შემცველი ბენზინი და ტყვიას არ ზომავენ მაინდამაინც, იმ ნივთიერებას, რომელიც კანცეროგენურია. ამ პრობლემასაც მოგვარება სჭირდება.

როგორ შეაფასებთ ქვეყნის მდგომარეობას ბიომრავალფეროვნების კუთხით? შეგიძლიათ, გაიხსენოთ ბოლო პერიოდში განხორციელებული ინსტიტუციური ან საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც უარყოფითი ან დადებითი გავლენა იქონიეს ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაზე?

წითელი წიგნის სახეობებზე ნადირობის აბსურდი მოისპობა და გამკაცრდება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კანონმდებლობა. სახელმწიფომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში აიღო ვალდებულება გაეროს წინაშე, რომ 20% საქართველოს ტერიტორიის უნდა იყოს დაცული ტერიტორია. ეს ვალდებულება ძალაშია, არავის არ გაუუქმებია. არსებობს პროექტები სხვადასხვა დაცული ტერიტორიის შექმნისა და არსებულის გაფართოების.

გარდა იმისა, რომ დღესდღეობით დაცული ტერიტორიები არასაკმარის ფართობს მოიცავს, სხვა რა პრობლემებს ხედავთ ამ სისტემაში?

მე ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემები დაცული ტერიტორიების კანონმდებლობასთან არ გვაქვს, უბრალოდ, აი ეს სიმახინჯეები, რაც ვახსენე, რომ დაცულ ტერიტორიების ფარგლებში ვიღაცას შეუძლია ინადიროს რა თქმა უნდა, ამოვარდება და დარჩება ის რაც იქნება. უბრალოდ ტერიტორიების გაფართოებისაკენ და რეჟიმის გამკაცრებისკენ უნდა წავიდეთ.

როგორ შეაფასებთ ქვეყნის სატყეო სექტორში არსებულ მდგომარეობას? ხდება თუ არა ტყეების სწორი ეკონომიკური გამოყენება?

ტყეები არის ერთ-ერთი ურთულესი საკითხი საქართველოსათვის. ტყიან ტერიტორიას ქვეყნის სულ რაღაც 40% უკავია. ტყის კოდექსს ცვლილებების შედეგად საშინელებები გაუკეთეს. სამინისტრო ვალდებული უნდა იყოს, ჩაატაროს ტყით მოწყობა, ტყის აღწერა და ამის საფუძველზე იჯარით გაცემა. ელემენტარულად, მაღაზიაში რომ შედიხართ, თუ არ იცით რას ყიდულობთ, ხომ არ იყიდით? ანუ, ბრმად რომ მოდის ადამიანი და ტყის უზარმაზარ მასივს რომ იღებს, რა იცის შიგნით რა არის, რა რესურსია? ამიტომ დღემდე ხელისუფლების მიერ გაცემული ყველა ხანგრძლივვადიანი იჯარა სრულიად უკანონოა, არსებული ტყის კოდექსით. ეს პირდაპირ გვიწერია პროგრამაში, ზოგადად წერია მართალია, მაგრამ ეს ყველაფერი დაუბრუნდება სახელმწიფოს. საქართველოს სატყეო პოლიტიკას წითელ ხაზად უნდა გასდევდეს, ის რომ, საქართველოს ტყეების 97% არის ფერდობებზე განლაგებული და მას ეკოლოგიური, დაცვითი ფუნქცია აქვს. ამიტომ, აქცენტი გაკეთდება დაცვით ფუნქციაზე. რა თქმა უნდა, სამეურნეო ფუნქციაც შეუნარჩუნდება ტყეს, რადგან მას ყოველთვის აქვს რესურსი და ამასთან მას გამოხშირვით განახლების საშუალება უნდა მისცე. აი, ამ ფარგლებში იქნება შესაძლებელი სამეურნეო თვალსაზრისით მოქმედება. ეს საკითხი ასე იოლად ვერ გადაწყდება, თუ სოფლებში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების ათვისების საშუალება არ გამოიძებნა. ვთქვათ, გაზი თუ არ შევიდა.მართალია, საქართველოს ტყეს აქვს 4 მილიონი კუბური მეტრის შემატება წელიწადში, მაგრამ ენერგეტიკული ექსპორტი აღწევს 6 თუ 7 მილიონს. ეს პრობლემა პარალელურ რეჟიმში უნდა გადაიჭრას ალტერნატიული ენერგოწყაროს მიწოდებით და პარალელურად, ტყესთან ურთიერთობის გამკაცრებით.

როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს დღეს ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება, რომ ლეგალურობის ფარგლებში ისარგებლოს ტყის რესურსით?

ადგილობრივი მოსახლე ტყით ლეგალურად ვერანაირად ვერ სარგებლობს, რადგან ამას უზარმაზარი თანხები სჭირდება. მართალია, ყოველი არჩევნების წინ უფასოდ რიგდება ტყის ბილეთები, მაგრამ მოსახლეობა ამითაც ვერ სარგებლობს. შეშას ტყიდან გამოტანა და მუშა სჭირდება, რასაც მოსახლეობა ვერ წვდება. ამიტომ არის, რომ გლეხობის უდიდესი ნაწილი შეესია სოფლების მიმდებარე ტყეებს.როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა საკოლმეურნეო ტყეები უპატრონოდ დარჩა, არავის ეკუთვნოდა ფაქტიურად. ჩვენმა პარტიის ძალისხმევით ეს საკოლმეურნეო ტყეები შუერთდა სატყეო დეპარტამენტს. დიდი ბრძოლის შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ერთიან მმართველობაში მოექცა. ტყეების ექსპლუატაციის საკითხი სახელმწიფომ უნდა იტვირთოს თავის თავზე, პირველ ეტაპზე მოსახლეობის ენერგომომარაგების უზრუნველყოფით.

როგორ აფასებსთ საქართველოს ენერგო-სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებს და რა პრიორიტეტებს გამოყოფთ. როგორ ენერგო- პოლიტიკას გაატარებთ სისტემაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად?

პირდაპირ გვიწერია პროგრამაში, რომ ეტაპობრივად, საქართველოში არსებულ ტრადიციულ ენერგეტიკას ჩაანაცვლებს ალტერნატიული ენერგეტიკა. საქართველოში აიკრძალება ატომური სადგურების მშენებლობა, რაც ჩვენ ისედაც გავაკეთეთ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონში, მაგრამ მოგვიანებით ბოლო ცვლილებებით აკრძალვა ამოიღეს.

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ დაძაბულ რეგიონში და ვთვლით, რომ არ შეიძლება ასეთი ტიპის ობიექტის არსებობა ქვეყანაში. მეორეც, რა თქმა უნდა, სეისმურობის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია საქართველო გახდეს ბირთვულად ნეიტრალური სახელმწიფო. ეს ისედაც დიდი ხანი გაცხადებული გვაქვს, მაგრამ ამჯერად ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმიტომ, რომ პროგრამაში დევს. აგრეთვე, პროგრამაში დევს გიგანტური წყალსაცავების მშენებლობის აკრძალვა საქართველოში. რა თქმა უნდა, საქართველოს პირობებში გიგანტური სიტყვა პირობითია, ამას ჭირდება თავის კრიტერიუმების შემუშავება. მაგალითად, რაჭისათვის გიგანტური შეიძლება იყოს ერთი და სამცე-ჯავახეთისათვის მეორე და კახეთისათვის მესამე. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება რეგიონის თავისებურებაზე, სეისმურობაზე და შემდეგ. აქცენტი გაკეთდება მცირე და საშუალო დონის ჰიდროენერგეტიკის განვითარებაზე და პარალელურად დიდი მაშტაბებით განვითარდება ალტერნატიული ენერგეტიკა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები.

მშენებლობასთან დაკავშირებით, დაპროექტების პროცესში შემოვიღებთ ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებს, რომ ახალაშენებული სახლები თბოიზოლაციის თვალსაზრისით იყოს უფრო უკეთესი და რომ მოსახლეობას ნაკლები ხარჯები ჭირდებოდეს სახლის გათბობისათვის.

ტრანსპორტის სექტორში რა პრობლემებს ხედავთ და რის გაკეთებას აპირებს ბლოკი?

ჩვენ გვინდა, რომ განსაკუთრებით მუნიციპალური ტრანსპორტი, ნელ-ნელა გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე. ეს ეტაპობრივი, მძიმე ნაბიჯებია, ჯერ გაზით უნდა ჩანაცვლდეს ბენზინი, თუმცა გაზიც არ არის იდეალურად სუფთა და მერე, როგორც ცივილიზებული ქვეყნები აკეთებენ, ნელ-ნელა ელექტრო ან ბიოსაწვავზე გადავიდეს. „მწვანეთა პარტიის“ ბოლო საკანონმდებლო აქტი პარლამენტში ეთილირებული ბენზინის შემოტანის და რეალიზაციის აკრძალვის შესახებ იყო. ვერ იმუშავა ამ კანონმა, იმიტომ, რომ თავისი ბიზნესიდან გამომდინარე ყველა თვალს ხუჭავს. ჩვენი პროგრამით, რეალურად აიკრძალება საქართველოში ტყვიის შემცველი, ეთილირებული ბენზინის შემოტანა და რეალიზაცია ქვეყნის ფარგლებში. ტრანსპორტის საკითხებთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემაა. მაგალითად, ეს მოძველებული ტრანსპორტი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სჭირდება.

გარემოს დაცვაში არსებობს რეგულაციების მექანიზმები, ეს არის გადასახადები დაბინძურებაზე, რაც საქართველოში გაუქმებულია. ეს მექანიზმები მოქმედებს ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში. საქართველოშო ასევე იგნორირებულია ნორმირება და ლიცენზირება გამონაბოლქვებზე. რა თქმა უნდა, ეს რეგულაციები კვლავ შემოვა.

ექნება თუ არა თქვენს პარტიას რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება მსხვილი დამაბინძურებლების მიმართ?

მიდგომა გვექნება უნივერსალური ყველას მიმართ. მოქმედ საწარმოებს მიეცემათ გარკვეული ვადა, რომლის განმავლობაშიც ისინი მოახერხებენ თავისი სისტემის მოდერნიზებას, ისე, რომ მოსახლეობასა და გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენოს. უცბად, ეს ვერ მოხდება, ბუნებრივია. მაგალითად, ისეთი უზარმაზარი საწარმო, როგორიც არის ბოლნისის მადნეულის კომბინატი ანადგურებს ბოლნისის ქვედა სოფლებს. 14 სოფლის სარწყავი წყალი, რომელსაც იყენებენ, მძიმე ლითონებითაა დაბინძურებული. ესეც ეტაპობრივად მოსაგვარებელი საკითხია.

აპირებთ თუ არა რაიმე რეგულირების სისტემის შემოღებას?

ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმების ბუნებრივია.

რა პრიორიტეტები გაქვთ საქართველოზე კლიმატის ცვლილებისშედეგად გამოწვეული პრობლემური ეფექტების შესარბილებლად?

საქართველოს თავისი ვალდებულებები აქვს აღებული კიოტოს ხელშეკრულების ფარგლებში. მართალია ჩვენ არა ვართ იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც სერიოზულ როლს თამაშობენ ნახშირორჟანგის გამოყოფის თვალსაზრისით მსოფლიო მაშტაბით, მაგრამ ჩვენ შეიძლება ავიღოთ ვალდებულება და ვთქვათ, რომ 20%-ით, 40%-ით შევამცირებთ CO2 ის გამოყოფას. ეს უფრო იქნება ჩვენი წვლილი საერთაშორისო პრობლემის გადაწყვეტაში. მეორესაკითხი კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში ქვეყნის უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ყველამ იცის, რომ გლობალური დათბობის პირობებში აქტიურდება ის ეკოლოგიური კატასტროფები, რაც საქართველოს ფარგლებშიც უკვე ფაქტია. ეკონომიკური თვალსაზრისით, კლიმატური პირობების შეცვლა აგრარულ სექტორზე და სოფლის მეურნეობაზე მოქმედებს, ამიტომ საჭიროა ისეთი პროგნოზირების და მექანიზმების შემუშავება, რომელიც ჩვენ მოგვცემს პრევენციის საშუალებას. მაგ. დავგეგმოთ იმის მიხედვით, სად რა წყლის რესურსები გვექნება მომავალში. დაცვითი ღონისძიებები, იგივე შავი ზღვის სანაპირო ზოლის, ეს წერია პროგრამაში გარდა ამისა, შავი ზღვის სანაპირო დაცვის საკითხებიც მნიშვნელოვანია – ესეც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. იცით, რომ შავი ზღვა წინ მოიწევს, გახშირებული წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების ფარგლებში, მოსახლეობა იტბორება.

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო 180 კილომეტრზე განიცდის ეროზიას. კაშხლების მშენებლობამ ჭოროხზე, ენგურზე და რიონზე ფაქტიურად კატასტროფა დაატრიალა შავი ზღვის სანაპირო ზოლში. ფოთში მაგალითად კილომეტრნახევრით არის მიტაცებული ტერიტორია. იგივე მდგომარეობაა ანაკლიასთან და აჭარის სანაპირო ზოლში, თურქეთის კაშხალთან. ეს საკითხები უკვე ხარჯებთანაა დაკავშირებული და ხარჯების გარეშე მათი მოგვარება ვერაფრით ვერ მოხერხდება.მათი მოუგვარებლობის შემთხვევაში კი ზღვის აგრესიის შედეგად ჩვენ ფაქტიურად ტერიტორიებს ვკარგავთ.

 

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe