Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საპარლამენტო არჩევნები 2012


ინტერვიუ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერთა საბჭოს წევრთან და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მანანა ნაჭყებიასთან.

20 აგვისტო, 2012 წ.

როგორ აფასებს თქვენი პარტია ქვეყნაში არსებულ სიტუაციას გარემოს დაცვის თვალსაზრისით? რა ღონისძიებები გატარდა ბოლო წლებში, რომლებმაც დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინეს ქვეყნის ბუნებრივ გარემოზე?

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა და გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ჩვენ ვთვლით, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლით გარანტირებული უფლება ადამიანებისა, რომ იცხოვრონ სუფთა და დაუბინძურებელ გარემოში, სამწუხაროდ ქვეყანაში უზრუნველყოფილი არ არის. ჩვენი პარტია თვლის, რომ დაცული ტერიტორიების პროგრამა გარემოს დაცვის სფეროში ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა. მიუხედავად ამისა, მაინც მძიმე მდგომარეობა გვაქვს, რადგან როცა ხელისუფლებამ დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით “რამსარის” (Ramsar Convention) ხელშეკრულება გააფორმა და სხვა ნაბიჯებიც გადადგა, რაც ხელს შეუწყობდა გარემოს გაუმჯობესებას, ამავდროულად არ გაითვალისწინა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. პირველ რიგში, გარემოს სჭირდება აღწერა და ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა ვთქვათ, ორგანული დამაბინძურებლები, გამოვლენა, ინვენტარიზაცია და შემდეგ სათანადო ზომების მიღება. ცოტა ხნის წინ, საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგეთ, რომ საქართველოს რომელიღაც რაიონში აღმოჩნდა საბჭოთა დროს შემოტანილი პესტიციდების საწყობი და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში თურმე ზეგავლენას ახდენენ გარემოზე და ეს მხოლოდ ახლა იქნა აღმოჩენილი. ეკო-უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს არის მიუტევებელი შეცდომა ხელისუფლების პოლიტიკაში და ჩვენ ვფიქრობთ რომ, დღეს თუ არა ხვალ, ქვეყანაში უნდა დაიწყოს ასეთი ადგილების გამოვლენა, მათ ინვენტარიზაცია და შემდგომ სათანადო ზომების მიღება.

რა პრიორიტეტებს გამოყოფთ გარემოს დაცვის სფეროში „ახალი მემარჯვენეები“ თქვენს საარჩევნო პროგრამაში?

ჩვენს პროგრამაში რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს გამოყოფილი. ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია მისი ბიო-მრავალფეროვნების შენარჩუნება. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ საქართველო მიერთებულია რამდენიმე ხელშეკრულებას და მათ შორის რამსარის კონვენციას (Ramsar Convention), რომელიც ჭარბტენიანი ზონების და იქ მობინადრე ფრინველების შენარჩუნებას გულისხმობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმარულებით საქართველომ კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს საქმიანობა და პირველ რიგში, ნებისმიერი პროექტი, რომელიც საქართველოში დაფინანსდება ბიუჯეტიდან და რომლის წამოწყებაც გადაწყდება, უნდა კონტროლდებოდეს, იქმნებოდეს სათანადო დასაბუთება, თუ რამდენად ახდენს ეს პროექტი გავლენას გარემოზე. ვიღაცა შეიძლება შემომედავოს და მითხრას, რომ როგორ არა, ეს ისედაც კეთდება და მართლაც, ხშირად, როცა ჩვენ ასეთ პროექტებს ვეცნობით მედიის საშუალებით, ვხედავთ, რომ ახლავს ასეთი დასკვნა. მაგრამ, არამარტო მე მაქვს განცდა, არამედ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომ ხელისუფლება ჯერ ამ პროექტების დაფინანსების ნაწილის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ მოყვება ის დასაბუთება, რომელიც ყველა შემთხვევაში არის ხელისუფლების და ამ პროექტის სასარგებლო. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა ხელისუფლებას უარი ეთქვას რომელიმე პროექტის განხორციელებაზე, იმ საბაბით, რომ ამან შეიძლება ეკოლოგიას და ბუნებას საფრთხე მიაყენოს. თუ ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს ვალდებულება, რომ თითოეულ ასეთ პროექტს დასკვნა უნდა ახლდეს, მე ვფიქრობ, რომ პროექტის განხორციელება უნდა დაიწყოს არა მისი ეკონომიკური, არამედ გარემოსდაცვითი ნაწილის დამუშავებით. თუნდაც ერთი პრეცენდენტი უნდა შიქმნას საქართველოში იმისა, რომ ამ სფეროს სპეციალისტების და გარემოს დამცველების გადაწყვეტილებას დაუჯერონ და დაემორჩილონ. პირველი კითხვა, რომელსაც ჩვენ ქალაქ ლაზიკასთან დაკავშირებით ვსვამდით როცა განხილვას ვესწრებოდით, იგივე ზუგდიდში თუ ფოთში, იყო სწორედ ეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან იყო მხოლოდ დამამშვიდებელი, დამანუგეშებელი ინფორმაცია, რომ ეს არაფერს შეუშლის ხელს. თუმცა, ჩემთვის პირადად დაუჯერებელია რანაირად არ შეუშლის ხელს არაფერს ქალაქის მშენებლობა კოლხეთის დაბლობის იმ ნაწილში, სადაც ჭარბტენიანი, უნიკალური ზონაა და მისი შენარჩუნების ვალდებულება გვაქვს აღებული. ჩვენ ეს დასკვნა თვალითაც არ გვინახავს და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის მედიაში უნდა გამოქვეყნდეს. ყველას უნდა ქონდეს მისი ნახვის საშუალება, რომ ვიცოდეთ რა დასკვნაა, ვინ აწერს მას ხელს და ვისი პასუხისმგებლობაა ასეთი დასკვნის გაკეთება.

რა საკანონმდებლო ინიციატივებია „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პრიორიტეტული , არის თუ არა ხარჯები ამისთვის გათვალისწინებული და გეგმავთ თუ არა ინსტიტუციურ ცვლილებებს?

რადიოაქტიური და სხვა მავნე ნარჩენებთან დაკავშირებული პრიორიტეტები უკვე ვახსენე, რომლის ინვენტარიზაციაც უნდა მოხდეს. კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას საქართველო და რომელსაც ძალიან ახლოს შევეხეთ ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ როცა მთელი საქართველოს სოფლები მოვიარეთ არის ნაგავსაყრელების საკითხი. ვთანხმდებით, რომ ქალაქებში მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ამ თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს რეგიონებზე და სოფლებზე. ნაგავსაყრელების მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მდინარეების ხეობები თავიდან ბოლომდე, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და ისეთ რეგიონებში, რომლებიც საკურორტო და რეკრეაციულ ზონად გამოდგება არის დაბინძურებული. მე თითონ მიწევს საკუთარ აგარაკზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალექსეევკაში მდინარე ალგეთის ერთ-ერთი ტოტის ხევში გადავყარო ნაგავი, იმიტომ რომ ელემენტარულად სად წავიღო ეს ნაგავი არ ვიცი და ასეა საქართველოს უამრავი სოფელი. „ახალი მემარჯვენეები“ პარლამენტში ვიქნებით ინიციატორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონ-პროექტისა, რომელიც მოითხოვს საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გარკვეული კონცეფციის შემუშავებას და შემდეგ, ამ კონცეფციების საფუძველზე გარკვეული მექანიზმების ამოქმედებას. ჯერ არ ვიცი რა იქნება ეს მექანიზმები, მაგრამ არა ის, რასაც ხელისუფლება გეგმავს. ხელისუფლება გეგმავს, რომ ჯერ შექმნას სახელმწიფო ორგანიზაცია და შემდეგ ამ სახელმწიფო ორგანიზაციას გადასცეს თავისი წილი, რომელიც განახორციელებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. ეს იქნება ცენტრალიზებული ორგანიზაცია, რომელიც დააწესებს გარკვეულ გადასახადებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ფუნქციის ჩამორთმევა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იქნება არასწორი. ჯერ ერთი, თვითმმართველობა რომელსაც ერთადერთი ეს ფუნქცია შერჩა და ამასაც წავართმევთ, მართლაც ფიქტიურ ხასიათს მიიღებს და მეორე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაგვის გატანა, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვა და პოლიცია სწორედ ის უფლებამოსილებებია, რომლებიც პირველ რიგში ადილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივა უნდა იყოს. ნაგვის გატანა უნდა განახორციელოს იმ ორგანომ, რომელიც ყველაზე ახლოსაა ხალხთან და ყველაზე ახლოს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენს კანონპროექტში ავსახოთ სულ სხვა ხედვა. ეს იქნება მინიციპალიტეტების ფუნქცია, რისთვისაც ისინი მიიღებენ გარკვეულ დაფინანსებას, ოღონდ არა ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე. ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში საბიუჯეტო მოწყობა იყოს სხვანაირი ვიდრე დღეს არის. ეს მოწყობა ითვალისწინებს იმას, რომ მთელი თანხა რაიონებიდან არ წავიდეს ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ ხელგაწვდილ რაიონებს ტრანსფერების სახით არ დაუბრუნდეს. აქ მთლიანად სისტემაა შესაცვლელი, მუნიციპალიტეტების როლი და ფუნქციაა შესაცვლელი. ქვეყნის დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს და ეს ყველაფერი უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების პრეროგატივა. ეს ყველაფერი ასახულია ჩვენს პლატფორმაში.

ასევე, განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ თევზჭერასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი მდგომარეობა. ფოთში შეხვედრის დროს მითხრეს, რომ მდინარე კაპარჭინა ისეთი დაბინძურებულია, რომ იქ თანდათანობით ქრება სხვადასხვა სახეობის თევზები და პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ საშიშროების წინაშე, რომ კაპარჭინაზე ვეღარ ითევზაონ ადამიანებმა. 45-დან მხოლო 15 სახეობის თევზიღა დარჩა ამ მდინარეში იმიტომ, რომ არ იწმინდება. იყო დრო, რომ ეს მდინარე გამოიყენებოდა არათუ სათევზაოდ, არამედ ამარაგებდა და რწყავდა მთელი ფოთის მიდამოებს. დღეს აღარავინ აღარ წმენდს, აღარვინ აღარ ზრუნავს და გააქვს იქედან ნალექი და შლამი და პრაქტიკულად მდინარის წყალი აღარ მოძრაობს ისეთი დაბინძურებულია. ეს ბუნებრივია თევზჭერას აფერხებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მდინარეებში ასეთი პროექტები უნდა განხორციელდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენ ცალკე გამოვყავით და გარემოსდაცვით ღონისძიებებს ეხება არის ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების, ბუნებრივი კატასტროფების და მათ მიერ გამოწვეული რისკების მართვის გაუმჯობესება. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ წვიმამ თუ სეტყვამ მიიღო დამანგრეველი ხასიათი. ამ ყველაფერმა ისეთი გავლენა იქონია საქართველოს ბუნებაზე, რომ ხანდახან გამოუსწორებელ შედეგებსაც შეიძლება მივადგეთ და გვიანი იყოს ჩარევა. ჩვენს პროგრამაში ეს ქვეთავიც ცალკე გამოვყავით. ჩვენი პრიორიტეტები იქნება რისკის ზონებში მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, რაც ძალიან ბევრ თანამედროვე და დემოკრატიულად განვითარებულ სახელმწიფოშია. ცალკეული ბუნებრივი კატასტროფისთვის ქვეყანას უნდა ქონდეს შემუშავებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ იმოქმედოს ასეთ შემთხვევაში. საუბარია პრევენციაზე და ასეთი პრევენციული ღონისძიებები უნდა იქნას მიღებული. რამდენი წელია მესმის, რომ მდინარე დურუჯი ტბორავს. ნაპირსამაგრი სამუშაოები როგორც იქნა კუს ნაბიჯებით დაიწყეს, ისიც მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ და ჩავერიეთ, რომ დაწყებულიყო.

გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ ქარსაცავი ზოლები უნდა აღდგეს აუცილებლად. ისეთი კატასტროფებისგან, როგორიც არის ქარიშხალი ძალიან სერიოზული ზიანი ადგება ჩვენს ბუნებას. ჩვენ ვნახეთ კახეთი, სადაც ძირფესვიანად ამოიგლიჯა ხეები და მწვანე საფარი პრაქტიკულად განადგურდა. ვინ, თუარა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ასეთი ქარი დამანგრეველი არ აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. საქართველო არ არის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყანა, რომ ქარიშხალს წინ ვერაფრით აღუდგე. ამ ყველაფერს შესაძლებელია აღუდგე ქარსაცავი ზოლების გაშენებით, რაზეც უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სეტყვის ღრუბლის დაშლის თანამედროვე სისტემების გამოყენებაა. ერთ-ერთ ტელევიზიაში ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად გავახმოვანე ეს ინიციატივა და ვთქვი, რომ საქართველომ ამ ტექნოლოგიების გამოყენება უნდა განაახლოს. ხელისუფლების წარმომადგენელმა კი მიპასუხა, რომ ის შეიცავს მძიმე მეტალებს რიტაც აზიანებს ბუნებას. დარწმუნებული ვარ, მან არ იცის, რომ საბჭოთა დროს ეს შეიძლება მართლაც ასე იყო და ის საგანგებო რაკეტები, რომლებსაც უშვებდნენ ღრუბლების დასაშლელად შეიცავდა მძიმე მეტალებს, მაგრამ დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი რაკეტები აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს გარემოსთვის. ჩვენ უნდა შევიძინოთ ეს ტექნოლოგიები, საქართველოში დავიწყოთ მისი წარმოება და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სეტყვა ასე არ აზიანებდეს ჩვენს გარემოს და მოსახლეობას ასეთ ზარალს არ აყენებდეს.

როგორ ფიქრობთ, კლმატის ცვლილება გახდა თუ არა რეალური პრობლემა საქართველოსთვის? თუ ეს ასეა, მაშინ რა ნაბიჯებია დაგეგმილი ამ მიმართულებით თქვენი პარტიის მიერ და რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული?

კლიმატის ცვლილება მართლაც რეალური საფრთხე გახდა საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ჯეროჯერობით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. დედოფლისწყაროში დგას გაუდაბნოების პრობლემა, აჭარის წინაშე ზღვის შემოჭრის საშიშროება. ჩვენ არაერთი სიუჟეტი გვინახავს ტელევიზიით, რომ ვიღაცის სახლისა და ბოსტნის ადგილას უკვე ზღვა შემოიჭრა. რაც შეეხება დედოფლისწყაროს, ამ პრობლემაზეც რამდენიმე წლის წინ, როდესაც პარლამენში ვიყავით, სწორედ ჩვენი პარტია გამოვიდა და თქვა, რომ იქ ქარი იტაცებს მიწის ნაყოფიერ ზედაპირს და გაუდაბნოება მიმდინარეობს. დედოფლისწყარო, რომელიც ფაქტიურად საქართველოს ბეღელი იყო, შეიძლება მალე გახდეს ისეთი ზონა, სადაც სოფლის მეურნეობას ვეღარ გაუძღვება ადამიანი. ამ თვალსაზრისითაც სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ასახულია თუ არა ეს პრობლემა პარტიის პლატფორმაში?

რათქმაუნდა, პლატფორმაში არის საუბარი ყველა იმ საფრთხის განეიტრალებაზე, რომელი პერსპექტივაში შეიძლება სახიფათო და დამანგრეველი აღმოჩნდეს საქართველოს ფლორისა და ფაუნისთვის და ჩვენი საცხოვრებელი გარემოსთვის.

როგორ ფიქრობთ, რა საკანონმდებლო თ ინსტიტუციური ცვლილებები გატარდა ბოლო წლებში, რომლებმაც დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა იქონია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცაზე?

ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ ამ თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების შემოღებას, იმიტომ, რომ იქ გავრცელებული ყველა სახეობა, იქნება ეს ფლორის თუ ფაუნის წარმომადგენელი დაცულია, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება უნდა გაგრძელდეს, ოღონდ არა ისე, როოგრც ეს ხდება. სამწუხაროდ იმ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები არ არის გათვალისწინებული, სადაც დაცული ტერიტორიებია. რაც შეეხება საქართველოს ტყეებს, ხელისუფლება აცხადებს, რომ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ ტყე იქნას დაცული, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ და ისევ არასწორად კეთდება და ისევ და ისევ ტყეს ადგება ზიანი. საქართველოში მოსახლეობისთვის ტყეები დაიხურა, ან პირწმინდად და მხოლოდ სამრეწველო ჭრისთვის ხდება მისი გამოყენება და ამან ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ნადგურდება ტყეები. სამაგიეროდ, მოსახლეობა რჩება ტყის გამოყენების შესაძლებლობის გარეშე, მათ არ აქვთ საშუალება, რომ თუნდაც ფიჩხი გამოიტანონ.
მე კონკრეტულად არ ვარ ჩახედული და არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია იმის, რომ ყველაზე კარგად ვიცნობ გარემოსდაცვით პროვლემებს, ამას სპეციალისტები უკეთესად აკეთებენ, მაგრამ რამდენადაც ვიცი კანონმდებლობაში შეიცვალა ნორმატივები დაფერდებასთან დაკავშირებით და ესეც სერიოზულ ზიანს უქადის ჩვენს გარემოს.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა

დაშვებული გახდა. როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებას?


ეს მძიმე საკანონმდებლო ცვლილება იყო და ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს ეს მუხლი. ნადირობა, იმ ცხოველებზე, რომლებიც წითელ წიგნში არიან შეტანილები და ხვალ და ზეგ შეიძლება საერთოდ დაქრნენ წარმოუდგენელია. საქრთველოს ეკოტურიზმის მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ის მიმზიდველი იყოს ტურისტებისთვის რომ ჩამოვიდნენ, ინადირონ და ჩვენი ბუნებით დატკბნენ. მაგრამ თუ ჩვენ არ შევზღუდეთ, უკონტროლო ნადირობა დავუშვით და მხოლოდ ფულს დავხარბდით, ეს იქნება არასწორი მიდგომა.

როგორ აფასებთ, საქართველოს ენერგო-სექტორში განხორციელებულ ღონისძიებებს და რა პრიორიტეტებს გამოყოფდით თქვენი მხრიდან. როგორ ენერგოპოლიტიკას გაატარებთ სისტემაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მისი მდგარდობის უზრუნველსაყოფად?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაკეთდა ამ ქვეყანაში ამ ხელისუფლების პირობებში, არის ის, რომ საქართველო დღეს ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით ბევრად წინ არის და აღარ ვართ რუსეთზე დამოკიდებული. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ენერგიის წყაროების და ტრანსპორტირების გზების დივერსიფიკაცია უნდა გაგრძელდეს. ჩვენ უნდა ვეძიოთ ენერგიის სხვა წყაროებიც და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ერთ წყაროზე დამოკიდებული. მათი შემოტანის დამატებითი, ალტერნატიული გზები უნდა ვეძიოთ. ასევე ვფიქრობთ, რომ სუფთა ენერგიის წყაროების განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შემუშავება აუცილებელია.

სუფთა ენერგიის რომელი წყაროებს გულისხმობთ?

მზის და ქარის ენერგია. ეს ტექნოლოგიები შემოდის საქართველოში, მაგრამ გული მწყდება, რომ ჩვენი მეცნიერების პოტენციალი ამ თვალსაზრისით არ არის გამოყენებული. ჩვენ არ გვჭირდება თურქეთიდან შემოტანილი სისტემები, იმიტომ, რომ საქართველოში თავის დროზე ამაზე ზრუნავდნენ. თუ ჩვენ ამ ყველაფერს ხელს შევუწყობთ, შეიძლება, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოების ქარის ენერგიაზე მომუშავე ძრავები და მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემები იქნას დანერგილი. ასევე, ჰიდრორესურსების და განახლებადი ენერგიის წყაროების უფრო ეფექტურად ათვისება. ჰიდრორესურსებთან დაკავშირებით ვიღაცამ შეიძლება შემომედავოს და მითხრას რომ ამის გამო შეიძლება სოფლები დაიტბოროს. მე მაგალითად აჭარაში გახლდით ახლახანს და ერთ-ერთი ძალიან ლამაზი სოფელი ვნახე, რომელიც დატბორვის საშიშროების წინაშე დგას, მაგრამ იგივე ამ მოსახლეობასაც და საქართველოს მოსახლეობასაც უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაც, რისი მსხვერპლად გაღებაც ხანდახან აუცილებელია. თუმცა, აქაც სერიოზული აწონ-დაწონვაა საჭირო. ერთი მხრივ საქართველო დაზარალდება თუ ჩვენ უფრო სუფთა ენერგიას, ჰიდრორესურსებს არ გამოვიყენებთ და მეორე მხრივ, ძალიან სერიოზულად შეგვიშლს ხელს ის, რომ შიძლება ამას სოფლების დატბორვა მოყვეს. არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. მე პირადად ვთვლი, რომ გონივრული მიდგომის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, რომ ნაკლები საფრთხე მივაყენოთ ჩვენს ტერიტორიებს, მაგრამ ჰიდრორესურსების ათვისება რომ აუცილებელია აქ ორი აზრი არ არსებობს.

როგორ აფასებთ, საქართველოს ტრანსპორტის სექტორში შექმნილ მდგომარეობას? რა დადებითი ან უარყოფითი ტენდენციებია ამ სფეროში?

ქვეყანაში ტრასების რეაბილიტაციამ და განვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ ტვირთების გადაზიდვა უფრო სწრაფი გახდა, თუმცა სხვა, ეკოლოგიურად უფრო სუფთა სატრანსპორტო საშუალებების შესაძლებლობები და განსაკუთრებით საზღვაო ტრანსპორტის შესაძლებლობები გამოყენებული არ არის. ვფიქრობთ, რომ როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ტრანსპორტის განვითარება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ აესეც ასახული გვაქვს პლატფორმაში.

დასახლებულ პუნქტებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია. გეგმავთ თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას და როგორ?

ის რაც თავის დროზე გაკეთდა, რომ ავტომანქანებს არ მოეთხოვებოდათ ტესტის ჩატარება გარემოს დაბინძურებაზე, არასწორი იყო და ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა აღდგეს. ყველა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს უნდა ესმოდეს, რომ არ შეიძლება გარემოს დაბინძურება. ტესტის ჩატარება შეიძლება გარკვეულ დანახარჯებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ოჯახებს იმდენი შეძლება ექნებათ, რომ მსგავსი ტიპის გადასახადებსაც გაუძლონ და გადაიხადონ, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენონ.


საწვავის ხარისხი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ოქტანობის (ტყვიის შემცველობიდან) გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხარისხის საწვავი შემოდის და ამ კუთხითაც კონტროლი უნდა გაძლიერდეს. მეორე პრობლემაა ის, რომ ძალიან ძვირია საწვავი და ვთვლით, რომ ამ სიძვირეს მონოპოლიები განაპირობებს. მერწმუნეთ, თუ ჩვენ მონოპოლიებს მივხედავთ და მოვსპობთ, 50-60 თეთრით გაიაფდება საწვავი.

რა პოლიტიკიას გაატარებს თქვენი პარტია, რომ ქალაქებისა და სოფლების განვითარებისას უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისათვის ჯანმრთელი გარემო?

სივრცით გარემოსთან დაკავშირებით, წინა მოწვევის პარლამენტში ჩვენ სერიოზულად ვეწინააღმდეგებოდით იმ კანონმდებლობას, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებას ეცხოვრა ისეთ გარემოში, სადაც ჰარმონიულად იქნებოდა დაცული მისი ცხოვრების საუკეთესო პირობები და შესაძლებლობები. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კანონმდებლობამ უნდა მოაწესრიგოს ისე, რომ არც ბუნებას მიადგეს ზარალი და ადამიანების ინტერესებიც იქნას გათვალისწინებული. განსაკუთრებით, საუბარია ქალაქებზე სადაც ხორციელდება უზარმაზარი პროექტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ზიანს აყენებს როგორც ბუნებას ისე ადამიანებს და უზღუდავს მათ საარსებო სივრცეს. ხელისუფლება სულ ტრაბახობს იუსტიციის სახლებით, მაგრამ მე არა მგონია, რომ თუნდაც ზუგდიდში იუსტიციის სახლი და ველოტრეკი მაინცდამაინც ბოტანიკურ ბაღისა და დადიანების სასახლის ხარჯზე უნდა გაკეთდეს. სამწუხაროდ, ბოტანიკურ ბაღში მშენებლობა უკვე დაწყებულია და ჩვენ ვეღარაფერს ვეღარ შევცვლით. თავის დროზე, როცა ღობე მოირღვა, მე მეგონა, რომ ეს ბაღის გაფართოებას ემსახურებოდა, შემდეგ კი აღმოვაჩინეთ აბრა, რომელიც იუწყებოდა, რომ იქ იწყებოდა იუსტიციის სახლის მშენებლობა.
 

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe