Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

საქართველოს  ენერგეტიკა  და მისი განვითარება

2004 წლიდან ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებულმა სხვადასხვა ღონისძიებამ, მათ შორის, არსებული ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების რეაბილიტაციამ, გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტების პრივატიზაციამ, ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, აგრეთვე, გარკვეულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა, ხელი შეუწყო ელექტროენერგიისა და გაზის უფრო სტაბილურად მიწოდებას მოსახლეობისა და წარმოებისთვის. გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებამ 2004 წლიდან (ამჟამად, საქართველოღებს გაზს ირანიდან და აზერბაიჯანიდან, მაშინ როდესაც ადრე მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთზე) გაზარდა ენერგო-მიწოდების უსაფრთხოება, თუმცა პრობლემურია ენერგეტიკული სისტემის მდგრადობა. ეს გულისხმობს არამარტო მიწოდების უსაფრთხოებას, არამედ გარემოსდაცვითი სტანდარტების ინტეგრირებას, როგორც ენერგიის გამომუშავებისას, ისე მისი მოხმარებისას; აგრეთვე, კონკურენტუნარიანი სისტემების განვითარებას მომხმარებელისთვის ენერგიის  ხელმისაწვდომ ფასად მიწოდების მიზნით[43].

2004-2011 წლებში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკა ჯერ კიდევ სრულადაა დამოკიდებული იმპორტირებულ ორგანულ საწვავზე. 2006-2009 წლების ენერგო-ბალანსი, მცირე ცვლილებების გარდა, პრაქტიკულად ერთგვაროვანია.

2009 წელს, პირველად, ენერგეტიკული მიწოდება შეადგენდა 3189 ktoe-ს (ათასი ტონა ნავთობის ექვივალენტი), ხოლო  საბოლოო მოხმარებული  ენერგია 2517 ktoe-. 2009 წელს მოხმარებული ენერგიის 65%-ი მოდის იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე, 20%-ი - ელექტროენერგიაზე, რომელსაც გამოიმუშავებენ ჰიდროელექტროსადგურები, ხოლო 15% - შეშაზე. წინა წლების მონაცემებთან შედარებით, დაფიქსირდა განახლებადი ენერგიისა და ჰიდრო-ენერგიის წილის უმნიშვნელო ზრდა, ხოლო შეშისა და გაზის წილის გარკვეული შემცირება. ეს ტენდენცია ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა, არასაკმარისი

საინტერესოა, ასევე, ენერგიის მოხმარების სტრუქტურა, ვინაიდან ის ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ ან/და სოციალურ ტენდენციებს; ყურადსაღებია, რომ საცხოვრებელ სექტორზე მოდის მოხმარებული ენერგიის 37%-ი, ტრანსპორტის სექტორზე - 31%-ი, მრეწველობაზე - 12%-ი, ხოლო კომუნალურ და საჯარო სექტორზე - 7%-ი.

გარდა ამისა, ყურადსაღებია, რომ მართალია, საქართველო მოიხმარს 6-ჯერ ნაკლებ ენერგიას ერთ სულ მოსახლეზე, ვიდრე ნორვეგია ან ფინეთი და 2.5-ჯერ ნაკლებს, ვიდრე საბერძნეთი, საქართველოში ენერგოინტენსივობა მშპ- ერთ ერთეულზე 4-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აღნიშნულ ქვეყნებში[44]. იმპორტის დიდი წილი და მშპ- მაღალი ენერგოინტენსივობა თავისთავად უშლის ხელს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას; ამასთან, საქართველო კვლავაც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმპორტირებულ ორგანულ საწვავზე, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების რისკს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგიის წყაროებით, მათ შორის, მზის, ქარის, გეოთერმული, ჰიდრო და ბიომასით. 2010 წლის კვლევებით, განახლებადი ენერგიების წლიური პოტენციალი შეფასებულია როგორც 15,000 გიგავატი საათში. დღეს საქართველოში ათვისებულია ეკონომიკურად სარგებლიანი ჰიდორენერგიის 25%-ი[45].

2004 წლიდან დღემდე ჩატარებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად, გაიზარდა ჰიდროელექტროსადგურებზე გამომუშავებული ენერგია და დღესდღეობით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე ქვეყნის შიდა მოთხოვნას. ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების სეზონურობიდან გამომდინარე, საქართველოს შემოაქვს ელექტროენერგია ზამთარში და ახდენს მის იმპორტს ზაფხულში. 2005 წელს იმპორტი 1,399 გიგავატსაათს, ხოლო ექსპორტი 122 გიგავატსაათს შეადგენდა; 2010 წელს ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა და შეადგინა 1,524 გიგავატსაათი, იმპორტი კი, 222 გიგავატსაათამდე შემცირდა. ამჟამად, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის გამომუშავების პოტენციალი 1,600 მეგავატს შეადგენს, თუმცა დადგმული სიმძლავრის პოტენციალი დაახლოებით 2,700 მეგავატია. ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციამ და განახლებამ შესაძლოა სისტემას შემატოს 2,200-2,500 გიგავატისაათი ელექტროენერგია წელიწადში, რაც ყველაზე ნაკლებხარჯიანი სცენარია.

ამჟამად საქართველოს მთავრობას გაფორმებული  აქვს უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთგაგების მემორანდუმები და ხელშეკრულებები, რაც გულისხმობს 2000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 30-მდე დიდი და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და ამ სექტორში დაახლოებით 3 მლრდ დოლარის ინვესტიციის მოზიდვას. ამ ჰიდროელექტროსადგურების რიცხვში შედის ხუდონ-ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, დარიალის ჰესი, ფარავან-ჰესი. გარდა ამისა, სამინისტრო ცდილობს მოიძიოს ინვესტიცია 50-მდე მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობისთვის, რომელთა დადგმული სიმძლავრე 1000 მეგავატს აღემატება. ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების სეზონურობა, დაგეგმილია ახალი ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის ექსპორტი საზღვარგარეთ (თურქეთი, რუსეთი, ირანი და სამხრეთ ევროპა)[46]

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში უმთავრეს გრძელვადიან ამოცანად დასახულია საკუთარი ჰიდრო-რესურსებით ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ეტაპობრივად, ჯერ იმპორტის, შემდეგ კი, თბოგენერაციის ჩანაცვლებით, ქვეყანაში კვლავ აქტუალურია გაზისა და ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირების საკითხი. 2010 წელს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ გამოაცხადა, რომ ის იწყებს ტყიბულში ქვანახშირზე მომუშავე 300 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას და გეგმავს უახლოეს მომავალში 900 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირის თბოელექტროსადგურების მშენებლობას. ყურადსაღებია, რომ ასეთი პროექტები იგეგმება იმის და მიუხედავად, რომ გაზის თბოელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრეების ათვისება წყალმცირობის პირობებშიც კი არ ხდება.

საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ერთხმად მიუთითებენ, რომ ტრადიციულ ენერგეტიკაში თანხების მოძიების გარდა, საქართველოსთვის აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების  განვითარება როგორიცაა, ენერგოეფექტურობა და განახლდებადი ენერგიები. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ შეაჩერა USAID-ის მიერ დაფინანსებული ჯგუფის მუშაობა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის კანონპროექტზე[47]. დარგის ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა ხელს უშლის ენერგოეფექტურობის პროგრამების განხორციელებას საქართველოში.

შეფასებულია, რომ ეკონომიკურად მომგებიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებით (მაგალითად, ვარვარის ნათურის ენერგოეფექტური ნათურით შეცვლით, შენობების დათბუნებით, ავტოტრანსპორტის ბუნებრივ გაზზე გადაყვანით, ენერგოეფექტური ღუმელებით, საავტომობილო პარკის ბუნებრივ გაზზე გადაყვანით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, სეზონური დროის შემოღებით შესაძლებელია ქვეყნის საერთო ენერგო-მოხმარების დაახლოებით 25%-ით შემცირება, ენერგოუსაფრთხოების დონის გაზრდა, ათეული და ასეული მილიონი დოლარი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის ხარჯის დაზოგვა.

ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება მომგებიანია არამარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც. მაგალითად, დღეს საქართველოს სამშენებლო სექტორი ორიენტირებულია სამშენებლო თბო-ტექნიკის ძველ საბჭოთა ნორმებზე, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ხშირად, ეს ნორმებიც არ არის დაცული, შესაბამისად, ძალზე დიდია თბო-დანაკარგები (დღეს შენობებში ენერგიის 82%-ი იხარჯება ბეტონის და რკინაბეტონის გათბობაზე, გარე ჰაერის გათბობა-დაბინძურებაზე)

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, „თბოტექნიკური ნორმების და კლიმატური პირობების სრული იგნორირებით აშენდა სახლები ლტოლვილებისათვის წეროვანში. ერთი ბლოკის სისქით აშენებულ შენობებში, კონსტრუქციების სითბოგადაცემის წინაღობა იმდენად მცირეა, რომ ზამთარში მათ შიდა ზედაპირზე ტემპერატურა ნამის წერტილის ქვემოთ არის. შედეგად, კონსტრუქციები მუდმივად სველია. ცივი კედლების სიახლოვეს მყოფი ადამიანი კარგავს დიდ ენერგიას, რაც ნევრალგიის, სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების გამომწვევია. ზაფხულში ასეთი სახლები დაბალი სითბური ინერციის გამო აუცილებლად გადახურდებიან, რაც ასევე საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. შენობები არაჯანსაღი მიკროკლიმატით ამოკლებენ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას[48]. მსგავსი მშენებლობების ხელშეწყობა საკანონმდებლო დონეზე, ავტომატურად ზრდის გადაჭარბებულ ენერგომოხმარებას შენობების გათბობა-გაგრილებაზე და ამავდროულად ხელს უშლის ენერგოეფექტურობის ბიზნესის განვითარებას საქართველოში.

USAID-ი მიერ დაფინანსებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ენერგოეფექტურ სამშენებლო ბიზნესს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და შესაძლებელია თბოსაიზოლაციო/ენერგოდამზოგი მასალების - პერლიტის, მინა ბამბის, ბაზალტის ბამბისა და პოლიესტირენის წარმოება, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. „მწვანე მუშახელის“ სტატისტიკა არ არსებობს, პოტენციალი დიდია. მაგალითად, დღეს საქართველოში 37 ათასი ადამიანია დასაქმებული სამშენებლო სექტორში; აქედან, 2.5-3 ათასი ადამიანი (ძირითადად სეზონურად) დასაქმებულია ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების წარმოებაში[49]. იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება შენობების დათბუნების პროგრამები, მნიშვნელოვნად გაიზრდება სამუშაო ადგილები ამ სექტორშიც. გარდა ამისა, სამუშაო ადგილები ასევე შესაძლოა შექმნას ადგილობრივი განახლებადი ენერგო-წყაროების განვითარებამ (მზის პანელები[50], ბიოგაზი[51]  და სხვ.). 

-----------------------------------

[43] European Union, 1995-2012. Summaries of EU legislation: Integrating the environment into Community energy policy. ხელმისაწვდომია: http://europa.eu/legislation_summaries/environment/sustainable_development/l28071_en.htm

[44] მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, 2008. World Experience in Energy Efficiency and

its Role in Georgia’s Energy Supply. ხელმისაწვდომია:  http://weg.ge/index.php?option=com_content&task=view&id=93

[45] Energy Charter Secretariat, 2012. Georgia In-depth Energy Efficiency Review, 2012. 

[46] ENPI Info Centre / EU, 2010. Feature No.28, South Caucasus united by common electricity grid. ხელმისაწვდომია: http://www.enpi-info.eu/

[47] Energy Charter Secretariat, 2012. Georgia In-depth Energy Efficiency Review, 2012. 

[48] მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, 2009. საცხოვრებელი შენობების ენერგეტიკული პრობლემები საქართველოში. ხელმისაწვდ.: http://weg.ge/index.php?option=com_content&task=view&id=102&Itemid=55&lang=ge

[49] Winrock. Sectoral Overview on the Energy Efficient Construction Materials Business in Georgia.

[51] იხ. http://bioenergy.ge/   

 


საპარლამენტო არჩევნები 2012
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe