Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

წყალი

ზედაპირული წყლების ხარისხის არასრულყოფილი მონიტორინგის გამო, მონაცემები ზედაპირული წყლების მდგომარეობის შესახებ მწირია. საქართველოში დღეს ფიზიკურ-ქიმიური ხარისხობრივი ელემენტების ყოველთვიური მონიტორინგი მხოლოდ 22 მდინარეზე წარმოებს; მაშინ, როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მსგავსი დაკვირვებები 72 მდინარეზე მიმდინარეობდა. სულ საშუალოდ 33 ელემენტის მონიტორინგი წარმოებს; არ იზომება ორგანული ნივთიერებების დიდი ნაწილი. ჰიდროლოგიური დაკვირვება წარსულში არსებული 150 სადგურიდან 29-ზე მიმდინარეობს. 7 სადგურის გარდა, რომელთა რეაბილიტაცია და აღჭურვა ახლახანს განხორციელდა, სადგურები არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ჰიდრობიოლოგიური მონიტორინგი მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს[1] 

მონიტორინგის არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროა მუნიციპალური ჩამდინარე წყლები. საქართველოში ამჟამად არსებული თითქმის ყველა გამწმენდი ნაგებობა მწყობრიდან გამოსულია და არ ფუნქციონირებს. ამჟამად, ფუნქციონირებს ერთი ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, ხოლო მეორე, გარდაბანში არსებული გამწმენდი ნაგებობა, რომელიც თბილისიდან და რუსთავიდან ტრანსპორტირებული მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდას ემსახურება, უზრუნველყოფს მხოლოდ პირველად, მექანიკურ გაწმენდას. გარდა ამისა, ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ უერთდება შემკრებ სისტემას და პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში. გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულია მისი სრული რეაბილიტაცია 2018 წლამდე. თუმცა, ჯერჯერობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა[2].

სამრეწველო სექტორებიდან ზედაპირული წყლების ხარისხზე განსაკუთრებით ზეგავლენას ახდენს: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება, ნავთობის გადამუშავება და კვების მრეწველობა. დაბინძურების სხვა წყაროებია: ნაგავსაყრელები, ნარჩენების არალეგალური განთავსება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები. გამოკვლეული მდინარეების უმრავლესობაში აღინიშნება ამონიუმის და ჟანგბადის ბიოლოგიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლები, ხოლო ცალკეული მდინარეების ზოგიერთ მონაკვეთზე მძიმე ლითონების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმებს აჭარბებს[3]. მძიმე ლითონებით დაბინძურების შემთხვევები აღინიშნება მდინარეებში ყვირილასა (მანგანუმი) და მაშავერაში (სპილენძი). არსებობს ინფორმაცია მდინარეების ლუხუნისწყალისა და ცხენისწყალის დარიშხანით დაბინძურების შესახებ, თუმცა ამ დაბინძურების მონიტორინგი დღესდღეობით არ წარმოებს[4].

მდ. ყვირილას დაბინძურებას მანგანუმის იონებით მანგანუმის მოპოვება იწვევს. 2009 წლის იანვარში, მაგალითად, ქ. ჭიათურის შესასვლელთან, მდ. ყვირილას წყალში მანგანუმის იონების შემცველობა 39-ჯერ აღემატებოდა მანგანუმის იონის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია წყლებში. მოპოვების ადგილიდან დაწყებული მდინარის ქვემო წელი და მისი მომიჯნავე მიწები მთლიანად დაბინძურებულია იმ ნიშნულამდე, სადაც განზავება ხდება. საწარმოო დაბინძურება განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ მდინარე თავის მხრივ რეცხავს მადნიან ჰორიზონტებს და მასში ბუნებრივად მომატებულია მანგანუმის იონების შემცველობა[5].

გარემოსთვის დიდი ზიანის მომტანია, აგრეთვე, ბოლნისის ჯგუფის პოლიმეტალური საბადოების მადნების მოპოვებასთან დაკავშირებული საქმიანობა. აქ მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით ხდება. კარიერზე წარმოებს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები, რასაც ემატება კარიერის ტერასებზე და კარიერზე მისასვლელ გზებზე ავტოთვითმცლელების აქტიური ორმხრივი მოძრაობა, რაც ჰაერში მტვრისა და სხვა დამბინძურებელი ნივთიერებების მნიშვნელოვან გაფრქვევას იწვევს. ჰაერში მოხვერდილი მავნე ნივთიერებების გადატანა ემისიის ცენტრიდან დიდ მანძილზე ხდება. ატმოსფერული ნალექების ზეგავლენით ამ მტვრიდან გამოტუტული მძიმე ლითონების გარემოში მოხვედრა სერიოზულ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გრუნტის წყლებს. მოპოვებითი სამუშაოების გარდა, გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნედლეულის გადამუშავებასთან დაკავშირებული პროცესები, რაც აისახა, მაგალითად, მდ. კაზრეთულას მდგომარეობაზე, რომელიც წლების განმავლობაში ბინძურდება ბოლნისის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს საქმიანობის შედეგად. აგრეთვე ნაწილობრივაა დაბინძურებული მდ. მაშავერაც. ფაბრიკის ფუჭი ქანის საყარის და გამოსატუტი გროვების განთავსების ტერიტორიაც დაბინძურებულია მძიმე ლითონების იონებით (ძირითადად, სპილენძი, თუთია, რკინა, ასევე, სულფატის იონები)[6].

მდინარეების ლუხუნისწყალისა და ცხენისწყალის დარიშხანით დაბინძურების მიზეზს წარმოადგენს საბჭოთა პერიოდში (1933-1997 წ.წ.) ამბროლაურის რაიონის სოფ. ურავში და ლენტეხის რაიონის სოფ. ცანაში დარიშხანის მოპოვება და მისი გადამამუშავებელი საწარმოები. ამ საქმიანობათა შედეგად წლების მანძილზე მოგროვდა დარიშხანის შემცველი ასობით ტონა ნარჩენი, რომელიც საწარმოების მიმდებარე ტერიტორიაზე აკუმულირდებოდა. დღესდღეობით დარიშხანის მოპოვება შეჩერებულია, აღნიშნული საწარმოები მთლიანად განადგურებულია და ნარჩენები მიმოფანტულია ურავში დაახლოებით 20 ჰა-ზე, ცანაში კი - 4-5 ჰა ტერიტორიაზე[7].

რაც შეეხება მიწისქვეშა წყლებს, 1990 წლის შემდეგ მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი საქართველოში შეწყდა და ამდენად, უახლესი მონაცემები მიწისქვეშა წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ არ არსებობს. 2000 წელს ჩატარდა 1970-1990 წლების მონიტორინგული კვლევების მასალების ანალიზი. ანალიზმა აჩვენა, რომ მიწისქვეშა წყლებმა განიცადეს რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებები, გაუარესების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობის მიერ სასმელად მოხმარებული მიწისქვეშა წყლების ხარისხი არ პასუხობდა სასმელი წყლისადმი სახელმწიფო სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში ქალაქის მოსახლეობის 5%-ი და სოფლის მოსახლეობის 65%-ი სასმელ წყალს დამოუკიდებლად მოიპოვებს და ამისათვის, ძირითადად, მიწისქვეშა წყლებს იყენებს[8].

საქართველოში სარეკრეაციო წყლები იგივე რეგულაციებს ექვემდებარება, რასაც ზოგადად, ზედაპირული წყლები. არ არის განსაზღვრული მოთხოვნები სარეკრეაციო წყლების ხარისხის მართვისთვის საბანაო სეზონის განმავლობაში. მიკრობიოლოგიური მონიტორინგი საქართველოში მხოლოდ ზოგიერთ სარეკრეაციო წყლის ობიექტზე ხორციელდება. მით უფრო, არ ხდება სარეკრეაციო წყლების მდგომარეობის შეფასება და კლასიფიცირება წყლის ხარისხის მიხედვით. შესაბამისად, არ ხდება ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება სარეკრეაციო წყლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, სადაც ეს საჭიროა. კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას სარეკრეაციო წყლების ხარისხის, დაბინძურების ხასიათის, მიზეზების და ხანგრძლივობის, შესაძლო საფრთხეების და გატარებული ღონისძიებების შესახებ[9].

ზოგადად, საქართველოს წყლის შესახებ კანონმდებლობა ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივია. იგი არ შეიცვას დაბინძურებისა და წყლის ჭარბი მოხმარების პრევენციის ეფექტურ მექანიზმებს და არ იძლევა წყლის მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობას[10].

წყლის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გაბნეულია სხვადასხვა უწყებებს შორის სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე, თუმცა, წყლის მართვა, ძირითადად, ცენტრალიზებულია. წყლის მართვის სფეროში ფუნქციები და პასუხისმგებლობები ყოველთვის არ არის მკაფიოდ გაწერილი, ხშირია ურთიერთგადაფარვებიც. ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა წყლის მართვის სხვადასხვა ასპექტის გადატანას ერთი უწყებიდან მეორეში. უფრო მეტიც, გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ 2011 წლის მარტში, როდესაც ბუნებრივი რესურსების მართვა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კომპეტენციაში გადავიდა, ბუნდოვანი გახდა წყლის, როგორც ბუნებრივი რესურსის მართვის ბედი[11].

მომავალში, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, სავარაუდოდ, წყლის რესურსებით სარგებლობის პროცესები გააქტიურდება როგორც წყალაღების, ისე წყალჩაშვების თვალსაზრისით. კერძოდ, დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების ქსელის გაფართოება, მზარდი ტურიზმის ინდუსტრია, წყალმომარაგების ქსელების და ირიგაციის სისტემების გაუმჯობესება გამოიწვევს წყალზე მოთხოვნის და წყლის ობიექტებზე ზეგავლენის ზრდას. ამდენად, საჭირო იქნება ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავება[12].

----------------------------------------------------------------------------

[1] მწვანე ალტერნატივა, 2012. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი.

[2] იგივე წყარო.

[3] საქართველოს მთავრობა, 2012. საქართველოს გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამა: 2012-2016. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წ. 24 იანვრის #127 განკარგულებით.

[4] საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, 2011. 2007-2009 წლების საქართველოს ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ. დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წ. 9 დეკემბრის #ი-54 ბრძანებით.

[5] იგივე წყარო.

[6] იგივე წყარო.

[7] იგივე წყარო.

[8] იგივე წყარო.

[9] მწვანე ალტერნატივა, 2012. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი.

[10] იგივე წყარო.

[11] იგივე წყარო.

[12] საქართველოს მთავრობა, 2012. საქართველოს გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამა: 2012-2016. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წ. 24 იანვრის #127 განკარგულებით.


საპარლამენტო არჩევნები 2012
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe