Independent Forest Monitoring





პარტიები გვპირდებიან

ნარჩენები და ქიმიური ნივთიერებები

საქართველოში ერთ-ერთ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელებიდან, ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს[24]. 

უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ძირითად მიზეზს ნარჩენების შეგროვების სისტემის მოშლა წარმოადგენს. ამჟამად საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეგულარული შეგროვება, ძირითადად, მხოლოდ მსხვილ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ხორციელდება. სოფლებში მოსახლეობა, როგორც წესი, ნარჩენებს უახლოეს ხევში, გზისპირას ან მდინარის ნაპირებზე ყრის. ეს ტერიტორიები არ სუფთავდება და შესაბამისად, მცირე ზომის უკონტროლო „ნაგავსაყრელები“ წარმოიქმნება[25].

საქართველოში დღეს არსებული 63 ოფიციალური მუნიციპალური ნაგავსაყრელების უმრავლესობას არ გააჩნია ნაგავსაყრელიდან გამოჟონილი წყლების შეგროვება-გაწმენდის სისტემა და წყალგაუმტარი ფუძე, რომელიც მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან დაიცავდა. ნაგავსაყრელების ნაწილი მდინარეების ნაპირზე ან წყალგამტარ ხევებშია განთავსებული, რაც ზედაპირული და გრუნტის წყლების დაბინძურების საშიშროებას ქმნის. ნაგავსაყრელებზე სპონტანურად მიმდინარეობს ნარჩენების დაბალტემპერატურული ღია წვა, რაც იწვევს ჰაერში მავნე დამბინძურებლების, დიოქსინებისა და ფურანების გაფრქვევას[26].

საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე გარემოს დაბინძურება სახიფათო ნარჩენებით. გაუმჯობესებას საჭიროებს სამრეწველო, სამედიცინო, ვეტერინარული, სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის, გადაზიდვისა და გაუვნებელყოფის ან გადამუშავება-განადგურების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემა[27].

გარემო ასევე ბინძურდება სამთო-მოპოვებითი და გამამდიდრებელი წარმოებების აკუმულირებული ნარჩენებისა და შლამებისგან, რომელიც განთავსებულია ყოფილი საბჭოთა საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებზე. გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს აგრეთვე ვადაგასული სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატები, განსაკუთრებით პესტიციდები, რომელთა ნარჩენები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დიდი რაოდენობით დარჩა ქვეყნის ტერიტორიაზე. 2700-მდე ტონა სახიფათო ქიმიკატი განთავსებულია სახიფათო ნარჩენების დაზიანებულ სამარხში, იაღლუჯას მთაზე. დაახლოებით 230 ტონა ვადაგასული პესტიციდი ყოფილი კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების დანგრეული საწყობების ტერიტორიებიდან მოგროვდა და დროებით განთავსდა იაღლუჯის სამარხში. საჭიროა მათი შემდგომი გაუვნებელყოფა ეკოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინებით. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ქვეყანაში წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენები (პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ცარიელი ტარა, ბაზრიდან ამოღებული ვადაგასული და მოძველებული პესტიციდები). აუცილებელია აღნიშნული ნარჩენების გაუვნებელყოფის საკითხის გადაწყვეტაც[28].

საქართველოში დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეროვნული პოლიტიკა და მიზნები ნარჩენების მართვის სფეროში. ნარჩენებთან დაკავშირებული კანონმდებლობა არასრული, ფრაგმენტულია და რიგ შემთხვევაში, მოძველებულია. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობისათვის უცხოა ნარჩენების პრევენციის დაკავშირება რესურსების დაზოგვასთან და ნარჩენების რესურსად განხილვა. ასევე არ არსებობს მწარმოებლის პასუხისმგებლობა ნარჩენების მიმართ ან წამახალისებელი მექანიზმები რესურსების დაზოგვის და ნაკლები ნარჩენის წარმოქმნისათვის[29].

ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია ნარჩენების მოცულობის ზრდა, რაც გამოიწვევს როგორც ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების, ისე უკვე წარმოქმნილი ნარჩენების სეპარაციისა და რეციკლირების საჭიროებას. მრეწველობის განვითარებამ სამრეწველო ქიმიური ნივთიერებების მოხმარებისა და სახიფათო ნარჩენების წარმოქმნის მატებაც გამოიწვია[30].

-----------------------------------------

[24] იგივე წყარო.

[25] იგივე წყარო.

[26] იგივე წყარო.

[27] იგივე წყარო.

[28] იგივე წყარო.

[29] მწვანე ალტერნატივა, 2012. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი.

[30] საქართველოს მთავრობა, 2012. საქართველოს გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამა: 2012-2016. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წ. 24 იანვრის #127 განკარგულებით.


საპარლამენტო არჩევნები 2012
ინტერვიუები
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved


Search Engine Submission - AddMe