![]() |
![]() |
![]() ![]() ![]() |
|||||||||||||||||||||||||||||
|
ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედი ძირითადი საფრთხეებია: საბინადრო გარემოს განადგურება, დეგრადაცია და ფრაგმენტაცია; ჭარბი მოპოვება; უცხო სახეობების შემოყვანა; დაბინძურება და კლიმატის ცვლილება[31]. ჰაბიტატების რღვევისა და მზარდი, არარეგულირებული მოხმარების გამო, მცენარეების და ცხოველების მრავალი სახეობა გადაშენების ზღვარზეა მისული. მათ შორის, ცხოველთა 135 სახეობა და 4 ქვესახეობა და მცენარეთა 56 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. ამასთან, საქართველოში გავრცელებულ ხერხემლიან ცხოველთა 44 სახეობა გლობალურად გადაშენების პირას მყოფია და შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი, გადაშენების პირას მყოფი ან გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა[32]. ინტენსიური ძოვება განიხილება ბიომრავალფეროვნებაზე მოქმედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, რაც, ძირითადად, ეხება საქართველოს მაღალმთიანეთის სუბალპურ და ალპურ საძოვრებს და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის არიდულ ეკოსისტემებს. აქ შინაური პირუტყვის დიდი რაოდენობა და მოუწესრიგებელი ძოვება იწვევს ნიადაგის ეროზიას, უარყოფითად მოქმედებს მცენარეული საფარის შემადგენლობასა და პროდუქტიულობაზე, ასევე ქმნის ინვაზიური მცენარეების გავრცელების პირობებს[33]. კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება უკანონო თევზჭერის და ნადირობის მაღალი დონე, არასრულყოფილი მონიტორინგის სისტემა, კვალიფიციური კადრების სიმწირე. მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს თევზისა და სანადირო სახეობების შეფასებისა და კვოტების დადგენის სისტემა. მონაცემთა სიმწირე მნიშვნელოვნად ართულებს კონკრეტული ღონისძიებების დასახვას, რომელთა გატარებაც აუცილებელია თევზჭერის და ნადირობის მდგრადი მართვისათვის[34]. საქართველოს ეკონომიკაში შექმნილმა სირთულეებმა და ბაზრების დაკარგვამ, აგრეთვე შავ ზღვაში თევზის რესურსების მკვეთრმა შემცირებამ, უარყოფითი ზემოქმედება იქონია თევზის მეურნეობის სექტორზე. მნიშვნელოვნად შემცირდა თევზჭერის მოცულობა შავ ზღვაში. მნიშვნელოვნადაა შემცირებული თევზის რესურსები საქართველოს შიდა წყალსატევებში, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა თევზის ინვაზიური სახეობები. არ არის შეფასებული იქთიოფაუნის უმრავლესი სახეობების (ზუთხისებრთა და შავი ზღვის ორაგულის გარდა), მათ შორის, შიდა წყლებში გავრცელებული ენდემური ფორმების მდგომარეობა[35]. ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ეფექტურ ინსტრუმენტს დაცული ტერიტორიების დაარსება წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის 56 დაცული ტერიტორიაა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის სულ 7.3%-ს ფარავს (ევროპაში დაცულ ტერიტორიებს საშუალოდ 18% უკავია). დაცული ტერიტორიების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის განვითარება; საქართველოს დაცული ტერიტორიები პრაქტიკულად იზოლირებული არიან და არ უკავშირდებიან ერთმანეთს ეკოლოგიური დერეფნებით. გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს ისეთი სენსიტიური უბნები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მოქცეული დაცული ტერიტორიების სტატუსის ქვეშ[36]. ნაკლოვანია დაცული ტერიტორიებთან დაკავშირებული კანონმდებლობა - ის, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიის ძირითადი ფუნქციის - ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების - რეალიზებას. საქართველოს დაცული ტერიტორიებიდან დღეს მხოლოდ სამს გააჩნია მენეჯმენტის გეგმა - სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა წარიმართოს ყოველდღიური საქმიანობა ამ ტერიტორიებზე. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს არაადექვატურად მწირი დაფინანსება გააჩნიათ. ეს, სხვა პრობლემებთან ერთად, განაპირობებს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და აღდგენის სამუშაოების არასაკმარისობას[37]. ბოლო წლებში გარკვეულწილად შეფერხდა დაცული ტერიტორიების დაარსება და გატარდა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენებისთვის საზიანო არაერთი ინიციატივა, მათ შორის, მიღებულ იქნა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ, „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე კომერციული ნადირობის დაშვების შესახებ გადაწყვეტილება, დაშვებული იქნა ნადირობა დაცულ ტერიტორიებში (გარდა ნაკრძალებისა და ეროვნული პარკებისა), კანონმდებლობის მოთხოვნათა იგნორირებით, დაცული ტერიტორიების ფარგლებში არაერთი ეკონომიკური პროექტი განხორციელდა[38]. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოში ტყის რესურსებით სარგებლობა. საშეშე მერქანი ჯერ კიდევ არის ზოგიერთი სოფლისა და პატარა ქალაქის სათბობი ენერგიის უმთავრესი წყარო. მნიშვნელოვანი მოთხოვნა არსებობს აგრეთვე სამასალე მერქანზე[39]. საქართველოს კანონმდებლობით, დაშვებულია მოკლევადიანი (ერთ წლამდე) და ხანგრძლივვადიანი (20 წლამდე) ტყითსარგებლობა. 2007 წლამდე ტყითსარგებლობა, ძირითადად, ერთ წლამდე ვადით გაცემული ტყითსარგებლობის დოკუმენტებით ხორციელდებოდა. 2006 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გასცა პირველი 20-წლიანი ხე–ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. მას შემდეგ 2012 წლის თებერვლამდე გაცემულია ხე-ტყის დამზადების 66 ლიცენზია 5, 10 და 20 წლის ვადით. ლიცენზიებით დაფარულია 151 574 ჰექტარი ფართობის ტერიტორია[40]. ტყითსარგებლობის ლიცენზიები 2006 წლიდან აუქციონის წესით გაიცემა. აუქციონების გამოცხადებასა და ჩატარებას არაერთი პრობლემა ახლავს თან; მათ შორის, უმნიშვნელოვანესია შემდეგი: ირღვევა საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ გარემოსთან / ტყესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; აუქციონებზე გამოტანილ იქნა ისეთი სალიცენზიო ობიექტები, რომლებზეც ტყეთმოწყობა (ინვენტარიზაცია) მოძველებულია; ტყითსარგებლობის აუქციონის საწყისი ფასის დადგენისას, დღემდე არცერთხელ არ იქნა გამოყენებული კანონმდებლობით დადგენილი წესი; სალიცენზიო ობიექტების შერჩევისას, საერთოდ არ ფასდება, თუ რამდენად მიზანშეწონილია, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, კონკრეტული ტყის ფართობის გამოყოფა. შედეგად, ტყის ჭრისთვის გაიცემა მაღალი კონსერვაციული (გარემოსდაცვითი) ღირებულების ტყეები[41]. პრობლემებია სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის სფეროშიც - მოქმედი კანონმდებლობა მეტად მწირ შესაძლებლობებს ქმნის გაცემული ლიცენზიების საკონტროლებლად, თუმცა, ეს შესაძლებლობებიც არ გამოიყენება სრულად[42]. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ორიენტირებულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე, უკვე ხორციელდება და მოსალოდნელია მთელი რიგი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების, ასევე ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ხე-ტყისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების პროექტების განხორციელება, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების ეფექტური მექანიზმები. ---------------------------------------------------------------- [31] მწვანე ალტერნატივა, 2012. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი. [32] საქართველოს მთავრობა, 2012. საქართველოს გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამა: 2012-2016. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წ. 24 იანვრის #127 განკარგულებით. [33] იგივე წყარო. [34] იგივე წყარო. [35] იგივე წყარო. [36] იგივე წყარო. [37] მწვანე ალტერნატივა, 2012. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი. [38] იგივე წყარო. [39] საქართველოს მთავრობა, 2012. საქართველოს გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამა: 2012-2016. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წ. 24 იანვრის #127 განკარგულებით. [40] მწვანე ალტერნატივა, 2012. გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი. [41] იგივე წყარო. [42] იგივე წყარო.
|
|
||||||||||||||||||||||||||||
|
მხარდაჭერილია Heinrich Boll Stiftung სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ Copyright © Green Alternative. All rights reserved Search Engine Submission - AddMe |