Independent Forest Monitoring




პარტიები გვპირდებიან

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010

ინტერვიუ პოლიტიკური პარტიის ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერთან, მერობის კანდიდატთან, გოგი თოფაძესთან

16 მაისი, 2010 წ.

ბატონო გოგი, როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მწვავე გარემოსდაცვითი პრობლემა თბილისში?

დღეს თანამედროვე ცივილურ სამყაროში, ეკოლოგია და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები ძალიან აქტუალურია. არსებობენ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს აკონტროლებენ, ზოგიერთ წარმოებებს აიძულებენ წარმოქმნილი აირები გადაამუშაონ, გაფილტრონ. ამაზე ჩვენთან არავინ ფიქრობს. ამ ეტაპზე თბილისის პრობლემა არის ის, რომ ნაგვით გაივსო ქალაქი. როგორც ვიცი, ყველა ცივილურ ქალაქში ნაგვის გადამამუშავებელი წარმოებები არსებობს. მე არაერთი პროექტი მინახავს. თბილისში რამოდენიმე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს, მაგალითად, სამი. ეს არის ნარჩენების გადამუშავების ცივილური ფორმა. არ არის ნორმალური 2.40 ლარი ახდევინო თითო მოსახლეს. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ ეს არის აუცილებელი, მაგრამ არავითარი რეაქცია ხელისუფლებაში ამან არ გამოიწვია. ჩვენი ნაგავსაყრელები უვარგისია. ამაზე ქალაქის თავმაც და ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის მოხელემაც უნდა იფიქროს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ხელისუფლების მხრიდან მონდომებას, რომ ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. შვიდი წელია ქალაქს ერთი თავი ჰყავს და ეს თემა ვერ გადაჭრა. სულ არის ლაპარაკი – “მომავალში გავაკეთებთო” და “გასაკეთებელი კიდევ ბევრიაო”. აი, ეს არის პირველ რიგში გასაკეთებელი.

ჩვენთან ჩამოსულები იყვნენ გერმანელები და ფრანგები, ასე რომ, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა აშენდეს ეს ქარხნები. ჩვენ პირველივე წელს ამ პრობლემას მოვაგვარებთ; თან მომგებიანი საქმეა. ქართველ ბიზნესმენებს ვთხოვ, რომ ჩვენ გავაკეთოთ უცხოელების დახმარებითა და ჩვენი ფინანსებით; თუ ვერ გავწვდებით, მაშინ ჩავრთავთ უცხოელებს, მაგრამ ვეცდებით საკონტროლო პაკეტი ჩვენ გვეკუთვნოდეს.

დღეს ჩვენთან პრობლემის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მიაყენონ ნაგავსაყრელებს ბულდოზერები და დიდი რაოდენობით მიწა მიაყარონ, რაც არ არის გამოსავალი.

გარდა ნარჩენებისა, თბილისში უამრავი სხვა გარემოსდაცვითი პრობლემაა - მაგალითად, ჰაერისა და წყლის დაბინძურების პრობლემები. რა მიმართულებით იმუშავებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად?

გეთანხმებით, რომ ეს პრობლემები მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ვხვდებით, მაგალითად არქიტექტორებს, მშენებლებს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეს პრობლემები ყველას აწუხებს.

დღეს არანაირი ურბანისტული გათვლები არ კეთდება. მშენებლობების დროს არ არის გათვალისწინებული სეისმური ზონები. არ შეიძლება ამდენი სახლი ააშენო ქალაქის ცენტრში, ეს ჩვენს ქალაქს სიკეთეს არ მოუტანს. ყველას უნდა ცენტრში ცხოვრება, მაგრამ მე ვიცი, რომ დღეს ცენტრიდან უამრავი ადამიანი გარბის, არასასურველი პირობების გამო; უბრალოდ აღარ ყოფნის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემა. ვიღაცამ ხელი მოითბო, მაგრამ ესე არ შეიძლება. ნახეთ, რას დაემსგავსა ქალაქის ცენტრი?! მანქანას ვერ დააყენებ... თუ ასე ვაშენეთ, ეს მშენებლობის ბუმი ჩვენს ქალაქს კარგს არაფერს მოუტანს.

მერობის შემთხვევაში, ეს სიტუაცია თქვენი მოსაგვარებელი იქნება, რას თავაზობთ საზოგადოებას?

უპირველესად, ავკრძალავთ მშენებლობას. შესაძლებელია, სადმე დარჩა განსაკუთრებული ადგილი და იქ შესაძლებელი იქნება აშენდეს რაიმე, მაგრამ განაშენიანება უნდა შევაჩეროთ. ბევრი ქალაქი ვიცი, სადაც დიდი სატრანსპორტო პრობლემებია, ჩვენც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, ამიტომ კარგად უნდა გავთვალოთ ყველაფერი. ექსპერტები, ნიჭიერი ხალხი არ გვაკლია საქართველოში, დაუძახებ იმ ხალხს და შემოვიკრებ; ნუ იქნება 25 წლის, იყოს 65 წლის, მათ ხომ დიდი გამცდილება აქვთ. მინიმალური გამოცდილება და პოლიტიკური ორიენტაცია არ არის საკმარისი.

წინა ხელისუფლების დროს მთელ საქართველოში დაიწყო ხეების უკანონო ჭრა და მორების გატანა. იყო პერიოდი, როდესაც ეს შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო გამგებლებისთვის. ეკოლოგიის განადგურების გარდა, ეს ხალხის დაჩაგვრაცაა; მერქანის გადამუშავება შვიდჯერ უფრო მომგებიანია, ვიდრე მორების გატანა. უკონტროლო ჭრამ გამოიწვია ის, რომ ბოლო ორი წელიწადი განსაკუთრებულად ნალექიანია, გაიზარდა ზვავებისა და ღვარცოფების შემთხვევები და ეს ყველაფერი ხეების უკონტროლო ჭრამ გამოიწვია. ჩვენ დიდი ძალისხმევით შევაჩერეთ მორების ექსპორტი. მაშინ საქართველოში დაახლოებით 50 წარმოება ფუნქციონირებდა. შემდეგ მთელი ტყეები გაიყიდა ჩინელებზე. ვიცი, რაც მოხდა წალენჯიხაში - გაკაფეს მთელი ტყე. უცხოელს მარტო თავისი ბიზნესი აინტერესებს - აძლევენ ნებართვას და ჩეხავს პირწმინდად. ჩვენც გვქონდა ეს წარმოება თელავის რაიონში, მაგრამ ჩვენ სათესლე მეურნეობაც გვქონდა და ერთს რომ ვჭრიდით, ორს ვრგავდით, თანამედროვე ტექნოლოგიებს ვიყენებდით. ხალხი იყო დასაქმებული რაიონში. ქართველი უფრო კონტროლდებოდა, უცხოელებს არავინ აკონტროლებს.

როგორ ფიქრობთ, ტყე სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს?

აუცილებლად!

რას ფიქრობთ თბილისში მშენებარე ესტაკადის თაობაზე? ამ პროექტს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს...

ესტაკადას წინ ვერაფერი აღუდგება, ეს აუცილებელი იყო. განტვირთვა სჭირდებოდა ქალაქს, მაგრამ მე ეს პროექტი არ მინახავს.

ფიქრობთ, რომ ესტაკადა განმუხტავს ქალაქში მოძრაობას?

მშენებლობის იდეა ეს არის. იმედია, ეს იდეაც ისეთივე აბსტრაქტული არ აღმოჩნდება, როგორიც ხიდი და აეროპორტიდან მომავალი რკინიგზა. პროექტი ნამდვილად არ მინახავს. შესაძლებელია, სხვა ალტერნატივაც მოძებნილიყო და გადაგვერჩინა ზოოპარკის ტერიტორია, მზიურის ველი და კლდე. მე ვფიქრობ, კლდის ადგილზე აშენდება სახლები, ისე აცარიელებენ ტერიტორიას. არ შეიძლება ასე. ნებისმიერი პროექტი უნდა შეთანხმდეს ეკოლოგიის სამსახურებთან.

როგორ ფიქრობთ, ესტაკადის მშენებლობის პროექტი საზოგადოებრივი განხილვის საგანი რომ ყოფილიყო, პროექტის იდეა გამართლებული იქნებოდა?

რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ეს ასე არ ხდება - ერთი ჯგუფი წყვეტს ყველაფერს. მაგალითად, რამდენად რენტაბელური იყო აეროპორტიდან რკინიგზის გამოყვანა, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, მესამე წელია 60 კაცზე მეტი არ მჯდარა.

რას ფიქრობთ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე?

მე ამასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი, ვერ გავიგე რას იძლევა ეს პროექტი?!

ფიქრობენ, რომ ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება უბნები...

ეს ვიცი, ეს მათი გათვლებია, იქ ალბათ აშენდება სახლები. როდესაც არ მინახავს პროექტი, ძნელია ვიმსჯელო მის ავკარგიანობაზე. კვლავ დაუბრუნდები აეროპორტიდან მომავალი რკინიგზის თემას - ვინ დაეთანხმებოდა ამ პროექტს?! იცით რა დაჯდა?! იცით რამდენი ავარიული სახლია თბილისში და ამ პროექტისთვის დახარჯული ფულით რამდენს ეშველებოდა?!.. ასეთი დახურული, ჩუმად გადაწყვეტილი პროექტები ჩვენს ქალაქს სიკეთეს არ მოუტანს.

“თბილისის წყალთან” დაკავშირებით მინდა გკითხოთ - კომპანია გაიყიდა, მაგრამ პრივატიზების ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია; შესაბამისად, რთულია მყიდველი კომპანიის ვალდებულებებზე საუბარი. თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, რას გააკეთებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

დავიწყოთ იმით, რომ გაიყიდა არამარტო “თბილისის წყალი”... სამწუხაროდ, ბევრი მცდელობაა, რომ სხვაც გაიყიდოს. საუბარია ბორჯომის წყლის გაყიდვაზეც, მილენიუმის პროგრამით. ეს, ჩემი აზრით, დანაშაულია. წყალი ჩვენი უკანასკნელი სიმდიდრეა, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება. წყალი იმდენად დეფიციტური გახდება ჩვენს პლანეტაზე (როგორც ექსპერტები ამბობენ), რომ ნავთობზე გაცილებით ძვირი ეღირება. სამწუხაროდ, როგორ გაიყიდა, რატომ გაიყიდა, რატომ გაიზარდა გადასახადი - საიდუმლოა და აშკარად დიდი კორუფციის საგანია. ის, რომ მოჩვენებით რამოდენიმე ქუჩა გადათხარეს, არაფერს არ ცვლის. შეკეთება მერიის ვალდებულება იყო, ამას არ სჭირდებოდა უცხოელი; ყველა დიდ ქალაქს აქვს ეს სამსახური. ჰქონდა თბილისსაც, მაგრამ რა კეთდებოდა ღმერთმა იცის... დამპალია მთელი მიწისქვეშა თბილისი.

მეორე პრობლემაა ის, რომ ჩვენ გვახდევინებენ დიდ გადასახადს. იცით, თუ არა, რომ თითოეული თბილისელი 80 ლიტრ წყალს მოიხმარს დღე-ღამეში?! ანუ თვეში გამოდის 24 ტონა - ეს აბსურდულია! როცა მერიის წარმომადგენლებს ვეკითხებით, თუ რატომ მოხდა ეს, გვეუბნებიან, რომ გაყვანილობა იყო შესაკეთებელი. შეუძლებელია, კონტრაქტში არ იყოს ჩადებული რაღაც პირობები და მათ უნდა მოვთხოვოთ ამ პირობების შესრულება. რა ფასი უნდა ჰქონდეს, რენტაბელობის 30 პროცენტი? მაშინ წყალი ეღირება არა 2.40, არამედ 30 თეთრი. წარმოებები არ დავღუპეთ ფასის გაზრდით?! მათ უფრო დიდი გადასახადი აქვთ. ამით ხომ პროდუქციის თვითღირებულება გაიზარდა. წარმოებებში წყალი ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია. ვიღაცამ უნდა მოითხოვოს, რომ გვანახონ ხელშეკრულება. მათ უნდა შეასრულონ ვალდებულებები, მაგრამ, თუ არანორმალურადაა დადებული ხელშეკრულება, უნდა აგონ პასუხი. აშკარად კორუმპირებული გარიგებაა!

თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულება საჯარო გახდება?

პირველივე წელს ეს პრობლემა მოგვარდება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ეს გასაკეთებელია.

საწარმოები ახსენეთ; გაძლიერდება, თუ არა მათი კონტროლი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს გარემოს დაბინძურება?

ჯერ თბილისში აგუგუნდეს ქარხნები და მაგას თავისთავად მოვთხოვთ. უმუშევრობაა დიდი პრობლემა; თუ ჩვენ ავამუშავებთ ქარხნებს, მაშინ დასაქმების პრობლემა მოიხსნება. ეგვიპტიდან ნუ შემოვიტანთ ხახვსა და ნაიორს, ჩვენი გლეხი ცოტა ხახვს და ნიორს მოიყვანს?! ეს ხომ აშკარად კორუფციაა. ეს საკითხები ძალიან გვაფიქრებს. არაერთხელ მითქვამს და ვიმეორებ – მე მთელი თბილისი მოვიარე... როცა ამდენი ავარიული სახლია, როგორ სძინავს ქალაქის მერს მშვიდად?! როგორ ფიქრობს ხიდზე, ან რკინიგზაზე, ან აეროპორტის გზაზე?! ეს ყველაფერი მოჩვენებითია. ლამაზია რუსთაველი – ამას ვერ წავართმევთ. ხიდის გაყვანისათვის დაარბიეს წარმოებები, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და გააკეთეს საცალფეხო ხიდი, რომელიც 17 თუ 18 მილიონი დაჯდა.

ბატონო გოგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ - ერთი თვეც არაა გასული, რაც გიგი უგულავამ ხელი მოაწერა ევროპის მერების შეთანხმებას – კოვენანტს. ამ შეთანხმებით თბილისი იღებს ვალდებულებას, რომ 2020 წლისთვის 20 პროცენტით შეამცირებს სათბური გაზების ემისიას. თუ თქვენ გახდით ქალაქის მერი, ხელს შეუწყობთ ამ ვალდებულებას შესრულებას?

მე, როგორც ტექნოლოგი, ვხედავ ამის აუცილებლობას. ეს თანხებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ეს მაინც გასაკეთებელია. დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ ჩვენს პლანეტაზე ტემპერატურა იმატებს და ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს აირებია, რომელიც ზეგავლენას ახდენს ოზონის შრეზე, ფრეონზეა ძალიან დიდი ეჭვები. ალაბათ, შემუშავდება თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ მხრივ, 70 პროცენტი დანაშაული აქვს ამერიკას. თბილისში არ დგას ეს პრობლემა, აქ არ მუშაობს წარმოებები. ეს არის მომავლის პრობლემა. ეს ყველაზე ნაკლებადაა ჩვენი პრობლემა. ჩვენ, ჩვენი უმთავრესი პრობლემა უნდა მოვაგვაროთ – თბილისის მერი ვალდებულია, იფიქროს თავის მოქალაქეებზე, არ უნდა ეძინოს მშვიდად, როდესაც ამდენი ავარიული სახლია. შვიდი წელია გიგი უგულავა მართავს ქალაქს. გიგი უგულავამ იმაზე კი არ უნდა ილაპარაკოს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩა, არამედ იმაზე, თუ რა გააკეთა, მაგრამ აქ სალაპარაკო ბევრი არ არის...
 

უკან
ინტერვიუები
მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ
Copyright © Green Alternative. All rights reserved