Independent Forest Monitoring


 
არქივი
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული პოლიტიკა”: საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელშიც გარემოსდაცვითი საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია

ინტერვიუ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ქართული პოლიტიკა” ერთ-ერთ ლიდერთან ბატონ აპოლონ სილაგაძესთან

თქვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, რა გაკეთდება გარემოს დაცვის მიმართულებით?

ჩვენს პროგრამაში არი სპეციალური ნაწილი და ეს ბუნებრივია, რადგან ვიცით რაც არის ეკოლოგიური პოლიტიკა, თუ როგორი აქტუალურია არამარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელშიც გარემოსდაცვითი საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია, განსახვავებით, მაგალითად, დანიისგან ან რომლიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყნისგან.

წარმოგიდგენთ რამოდენიმე პუნქტს ჩვენი პროგრამიდან. მაგალითად, ჩვენი დედაქალაქი – საშინელი მდგომარეობაა: არ ხდება ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლი; არავითარი კონტროლი არ არსებობს ტყვიის შემცველ ბენზინზე. თქვენ იცით რას წარმოადგენს ტყვია ადამიანის სიცოცხლისათვის. ყველა მონაცემით, ჩვენთან, თბილისში, ამ შემცველობამ სიცოცხლისთვის საშიშ ზღვარს უკვე დიდი ხანია გადააჭარბა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად ვიბრძოლებთ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში მოვხვდით. მისახედია და არასწორად მიმაჩნია იპოდრომის გასხვისება, ეს უბრალოდ, მაგალითად მომყავს. ასევე ურბანიზაციის პროცესი, რომელიც ქალაქში ძალიან გააქტიურებულია, შენდება და შენდება სახლები, არავითარ შემთხვევაში ასე არ შეიძლება. ის რაც გვაქვს ისიც კი ისპობა... რა თქმა უნდა, მდინარეების დაბინძურება ნარჩენებისაგან, ესეც ერთ-ერთი პუნქტია ჩვენი პროგრამის, ისევე როგორც მდინარეები.

რას გაკეთებთ ტყეებზე არსებული ზეწოლის (უკანონო ჭრები, ჭარბი მოპოვება) შესამცირებლად?

ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის, რომ ხდება ხე-ტყის ჭრა და გატანა; ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტია გატანილი, ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში. წარმოგიდგენიათ რა პროპორციებია? ასევე შემაშფოთებელია ტყის მასივების მოსპობა, ეს ხომ ყველაფერთანა დაკავშირებული... მთასთან და მთის არსებობასთან, წყალთან და წყლის არსებობასთან.

რას გააკეთებთ წყლის რესურსების ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად?

საქართველოდან წყლის გატანა მომავლის პრობლემაა. ვფიქრობ, აუცილებლად იქნება საჭირო, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან მასშტაბური მოფიქრება უნდა. ამ ეტაპზე, უბრალოდ გატანას, შევეწინააღმდეგები. თუ იქნება გეგმაზომიერი, გათვლილი 21-ე საუკუნის რელიეფზე, მაშინ, მისაღებად მიმაჩნია. ჩვენთვის, ეს არის საუკუნის პროექტი. ის რაც საექსპორტოა, უნდა იყოს საექსპორტო, ის რაც ჩვენ გაგვამდიდრებს და ფეხზე დაგვაყენებს, იმაზე უარი არ უნდა ვთქვათ. წესრიგის პირობებში უნდა გავიტანოთ წყალი.

როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს, თუ არა ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში?


ჩვენი მთავარი იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ საერთოდ, ეკონომიკა გასხვისებული არ გვინდა. ანუ ისეთ მომავალზე ორიენტირი არ გვინდა რომლის ეკონომიკის 50 პროცენტზე მეტი, ჩვენი სიმდიდრეებისა, როგორიც არის მთა, ტყე, წყალი, მიწა, წიაღისეული ჩვენი საკუთრება უნდა იყოს. სხვა საკითხია როგორ გადანაწილდება, რა ჩაითვლება სტრატეგიულ ობიექტად და რა არა. დღეს დანაშაულის ტოლფასია ისეთი სიმდიდრეების გატანა, როგორიცაა ტყე, მდინარე, მიწა და წიაღისეული. არ შეიძლება, იმიტომ რომ, ქართველი მესაკუთრე კონკურენციას ვერ გაუძლებს, ჩვენ ყველაზე ღარიბები ვართ. ჩვენი ძირითადი იდეა ეს არის, ეს ეხება ტყესაც და ყველაფერსაც. ვიმეორებ, ეკონომიკის გასხვისება, წიაღისეულის და ასე შემდეგ, შეიძლება მხოლოდ გეგმაზომიერად.

რას ფიქრობთ დღემდე მოპოვებითი მრეწველობის ობიექტების გასხვისების ფაქტების ეფექტურობასა და სამართლიანობაზე
?

პირველ რიგში, უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე იქნება ორინტირებული. ეს უნდა იყოს საჯარო. უნდა იყოს – მოპოვება, მაგრამ ეკოლოგიური სისტემის დაცვა; მოპოვება, მაგრამ ჩვენი მუშახელის მიერ. ეს არის ის სახელწიფოებრივი, ქართული წესრიგი, რომელიც ქართულ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს. არც კონცესიის გაცემა შეიძლება და არც გასხვისება.

რა გაკეთდება ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად?

ამ სფეროში ინვესტიციებია საჭირო, მაგრამ ჰიდროენერგეტიკას რაც შეეხება, საქართველოს ამის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ საქართველოში ატომური ენერგეტიკის განვითარება?

მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის აბსოლუტურად ზედმეტია. ჩვენ უნდა გვეყოს ჩვენი რესურსები.

როგორ მოგვარდება ნარჩენების განთავსების პრობლემა თბილისში და რეგიონებში?


ნარჩენების განთავსების პრობლემა ასევე დაკავშირებულია იმასთან, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. თუ გვექნება ტერიტორიები, რომლის მესაკუთრებიც სხვები იქნებიან, გარანტია არ არსებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს არ იქნება ჩამარხული სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ნარჩენები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ისეთი რამ, როგორიცაა მაგალითად მიწა, არ უნდა გასხვისდეს.
უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved