Independent Forest Monitoring


 
არქივი
საქართველოს სპორტსმენთა კავშირი: “ნებისმიერი პარტიის სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების საკითხებს”

ინტერვიუ პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს სპორტსმენთა კავშირის” გენერალურ მდივანთან ბატონ ედიშერ მაჩაიძესთან

ბატონო ედიშერ, თქვენი პარლამენტის წევრობის შემთხვევაში, რას გააკეთბთ ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად?


პირველ რიგში, ჯერ დავაყენებთ მთების, ტყეების, მდინარეების, წყლების აღრიცხვის საკითხს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე გამჭირვალე და დიდი სახელმწიფო პროგრამა უნდა შედგეს, რამეთუ წყალი, ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მომგებიანი ნედლეულია და ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული. რაც შეეხება ჰაერს, მართალია ნაკრძალები სიმბოლურად არსებობს და უბრალოდ, ამას სხვა დატვირთვა უნდა ჰქონდეს იმის გარდა, რა სახელიც ჰქვია. ნაკრძალების არსებობით, მათი ფუნქციების შესრულებით და მათი საზღვრების გაფართოებით მთლიანობაში უკეთესობისკენ შეიცვლება ეკოლოგია, გასუფთავდება ჰაერიც. რასაკვირველია, მისახედია მდინარეებიც...

რას გააკეთებთ წყლის რესურსების ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად?

ამისათვის აუცილებელია შემუშავდეს სერიოზული სახელმწიფო პროგრამა. საერთოდ, წყალი ძალიან ბევრია ჩვენთან, მაგრამ არის წყლის კომპონენტები, რომლის გამოც, შეიძლება, წყალი არ აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითისთვის, ბორჯომს აქვს საერთაშორისო იარლიყი რომელიც მოწმობს, რომ წყალს მეტი მჟავიანობა ახასიათებს; ასევეა მტკნარ წყალზეც. ჩვენ წყლის დიდი პოტენცია გვაქვს და არ შეიძლება რომელიმე კომპონენტით ბაზარზე გასვლა არ შეიძლებოდეს. წყალი ერთ-ერთი სტრატეგიული ნედლეულია, რომლითაც ქვეყანამ მომავალში შეიძლება თავი ირჩინოს.

ბოლო წლებში მიღებულმა რომელმა გადაწყვეტილებებმა შეუწყო ხელი საქართველოშო წყლის ხარისხის გაუმჯობესებას ან პირიქით, გაუარესებას?

ჩემი აზრით, მთლიანობაში ნაკლები ყურადღება ექცევა ამ საკითხს. ანუ ამაზე ყურადღება გამახვილებული, არც კარგი კუთხით და არც ცუდი კუთხით, არ არის. როცა არ აკეთებ, ამით ყოველთვის უფრო ფუჭდება.

რას გააკეთებთ ტყეებზე არსებული ზეწოლის (უკანონო ჭრები, ჭარბი მოპოვება) შესამცირებლად?

ნებისმიერი პარტიის სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ფლორისა და ფაუნის შენარჩუნების საკითხებს. რასაკვირელია, აუცილებელია ხეების, ტყეების მოვლა. ტყეების მოვლაში ვგულისხმობ შემდეგს: აუცილებელია, რომ აიკრძალოს მოჭრილი მასალის გაყიდვა; ვფიქრობ, რომ უნდა გაიყიდოს გადამუშვებული პროდუქცია. ამ კუთხით, ეს სტრატეგიული მიმართულება იქნება იმიტომ, რომ ხე-ტყით ვაჭრობას ვერ შევწყვეტთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მისი გამოყენება მეცნიერულ დონეზე უნდა იყოს აყვანილი.

როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს, თუ არა საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში? რას ფიქრობთ ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე?

ვფიქრობ, რომ საერთოდ, ტყეები და ზოგადად, ფაუნა სტრატეგიული დანიშნულების სფეროა და სახელმწიფომ საბოლოო კონტროლზე ხელი არ უნდა აიღოს. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს საკუთრების შერეული ფორმა, შეიძლება გაიცეს 20-25-წლიანი იჯარით იმიტომ, რომ ამღებსაც პასუხისმგებლობა ჰქონდეს და იმ ვალდებულებების შესრულება შეძლოს, რისთვისაც სახელმწიფო ტყეს უთმობს. ტყეს პროფილის შენარჩუნება და განვითარება სჭირდება. ეს ვალდებულებები აუცილებლად უნდა ჩაიდოს იმ პირის მიმართ, ვისაც მიეყიდება თუ იჯარით გადაეცემა.

რას გააკეთებთ ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად?

პირველ რიგში, საქართველო ძალიან მთიანი ქვეყანაა და ძალიან ბევრი მთის მდინარეებია. აუცილებელია განვავითაროთ მცირე ჰეს-ების მშენებლობა. ჩვენს მეცნიერებს ჰქონდათ ასეთი იდეა – პატარა მდინარეზე მცირე ჰეს-ს აგებდნენ და ის ერთ ან ორ სოფელს სავსებით ჰყოფნიდა. სავსებით საკმარისი იყო სოფლისთვისაც, იმ ადგილმდებარეობისთვისაც და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა იყო. დღეს ეს, რატომღაც, არააქტუალური აღმოჩნდა. ჩვენი პარლამენტში მოსვლის შემთვევაში, ამ საკითხს დავაყენებთ.

რას ფიქრობთ დღემდე მოპოვებითი მრეწველობის ობიექტების გასხვისების ფაქტების ეფექტურობასა და სამართლიანობაზე?

ეს არის ჩვენი სტრატეგიული სიმდიდრე და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი დაკვირვება და მეტი პირობების დაყენებაა საჭირო. გასხვისება აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ამას თავისი ფორმა და თავისი მოთხოვნები უნდა ჰქონდეს. მეორე მხარეს ყოველთვის რჩება სახელმწიფო, რომელმაც უნდა აკონტროლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რა ვალდებულებებითაც გაიცა. მე ვფიქრობ, რომ გაცემის დროს ვალდებულებები უფრო მეტად გასამკაცრებელია, ანუ უნდა იყოს უფრო მეტად მომგებიანი სახელმწიფოსათვის. ჩვენ რახან ევროსაბჭოსკენ მივდივართ, ეს გეზი გვაქვს აღებული, მესამე ქვეყნის ფასი არ უნდა დავტოვოთ და ბაზარზე ევროსაბჭოს სტანდარტებით უნდა გავიდეთ. არ უნდა ვიყოთ მესამე ქვეყნის ფასებით. ჩვენ უნდა დავაფასოთ ჩვენი წიაღისეული.

რას გააკეთებთ მოპოვებითი მრეწველობის გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად?

რასაკვირველია, ეს პირველი მოთხოვნა უნდა იყოს იმათთან, ვისაც ჩვენ ამ წიაღისეულს ვანდობთ და მის მოპოვებას დაიწყებს. მე ვიცი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში პირველად რაც კეთდება, უსაფრთხოების ზომებია და უკვე შემდეგ ხდება ნებართვების გაცემა. დამეთანხმებით, ჩვენ არ ვართ გამორჩეული ქვეყანა ამ მხრივ? ჩვენ საერთო წესებს უნდა დავექვემდებაროთ და რასაკვირველია, ამ წესებით მოვთხოვოთ სხვას ამ პირობების შესრულება.

რა გაკეთდება დედაქალაქსა და რეგიონებში ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების პრობლემის მოსაგვარებლად?

ნაგავსაყრელი ყველა ცივილიზებულ ქალაქს უნდა ჰქონდეს. საქართველოში დიდი ხანია დღის წესრიგში დგას გადამამუშავებელი ქარხნების არსებობა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა. ვთვლი, რომ აღნიშნული წარმოების განვითარება ყველანაირად მომგებიანია.

გადამუშავებაში დაწვას გულისხმობთ?

ორი რამაა. არსებობს ნედლეული, რომელიც უნდა დაიწვას და არსებობს ნედლეული, რომელიც უნდა გადამუშავდეს, რომლის შედეგადაც იწარმოება პლასტმასი და ა.შ. ეს ქარხანა აუცილებლად ასაშენებელია, რომელიც იმ ნაგავს და ნარჩენების დაახლოებით 60-70%-ს ისევ პროდუქციით შემოუტრიალებს (ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ვგულისხმობ) ქვეყანას. ეს აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ყველა წესის დაცვით, დაწყებული მისი მუშაობის დროს ჰაერის სისუფთავის დაცვით.

ბატონო ედიშერ, ყველაფერი რაზეც დღეს ვისაუბრეთ და რის გაკეთებასაც გეგმავთ, შესრულდება თქვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში?

რასაკვირველია, ჩვენ პარლამენტში იმიტომ გვინდა შესვლა, რომ ტრიბუნა გვქონდეს და ეს საკითხები დავაყენოთ იმ სხვა საკითხებთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიაში.

გმადლობთ, ბატონო ედიშერ.
უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved