Independent Forest Monitoring


 
არქივი
სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია: ”მეწარმე ვალდებულია დაიცვას კანონის მოთხოვნები, მაგრამ კონტროლის მექანიზმიც ძალიან მკაცრი უნდა იყოს”

ინტერვიუ “სრულიად საქართველოს რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტიის” თავმჯდომარესთან ბატონ შალვა კუპრაშვილთან


ბატონო შალვა, თქვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, გარემოს დაცვის მიმართულებით რა გაკეთდება?

ჩვენ ყველა სფეროში გვაქვს კონცეფციები, რომლებიც პროფესიონალების მიერაა დამუშავებული. პარლამენტში მოხვედრა გვჭირდება იმისათვის, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოვიყენოთ იმის ასასრულებლად, რასაც ხალხს ვპირდებით.

როგორ აპირებს თქვენი პარტია ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას?

ზამთარში ბავშვი მყავდა ექიმთან მიყვანილი, მირჩია ქალაქიდან გამეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო, მაინც საშინელი სიტუაცია იყო ჰაერის მხრივ. ჰაერის დაბინძურების მხრივ სავალალო მდგომარეობაა არამარტო თბილისში, არამედ ყველგან. ამას ჩვენ აუცილებლად მივხედავთ. მაგალითად, კასპის რაიონში ცემენტის ქარხანა მუშაობს, იქ ხალხს მოსავალი ვერ მოჰყავს, უბრალოდ არ მოდის. ამიტომ ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, ვინც არ უნდა მფარველობდეს, ჩვენ ყველას გამოვამზეურებთ და დავსჯით როგორც საკადრისია.

რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად ამ მხრივ, თქვენ რას გეგმავთ?

მშვენიერი კანონი გვაქვს, რომელსაც აღსრულება სჭირდება. საქართველოს მშვენიერი კონსტიტუცია და კანონები აქვს; ასევე, უნდა მოხდეს ფილტრების დაყენება. იქ შემოწმებაზე იყვნენ ჩასულები და აღმოჩნდა, რომ არცერთ ქარხანაში ფილტრი არ მუშაობს. ამბობენ, რომ უცხოეთიდან შემოტანილი დანადგარები და ფილტრები აქვთ მაგრამ ეს ასე არ არის.

თქვენი აზრით, დაბინძურების შემცირებაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივაა თუ ბიზნესის?

რა თქმა უნდა, სახელმწიფოსი. მეწარმე ვალდებულია დაიცვას კანონის მოთხოვნები, მაგრამ კონტროლის მექანიზმიც ძალიან მკაცრი უნდა იყოს. არსებობს გარემოს დაცვის სამსახური; სწორედ ამ სამსახურმა უნდა აკონტროლოს.

რას გააკეთებთ ტყეებზე არსებული ზეწოლის (უკანონო ჭრები, ჭარბი მოპოვება) შესამცირებლად?

ჩამოყალიბებული მაქვს ანტიკორუფციული კომისია; ვთანამშრომლობ ამ მიმართულებით. თუ რაიმე ოპერატიული ინფორმაცია შემოდის, სადაც საჭიროა, იქ ვაწვდით ხოლმე.

თქვენი აზრით, უნდა დარჩეს, თუ არა საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში, რას ფიქრობთ ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემაზე?


ჩემი აზრით, ტყის გარკვეული ნაწილი უნდა იყოს წარმოდგენილი კერძო საკუთრების ფორმით, თუმცა სჯობს, რომ ტყეები სახელმწიფოს განკარგულებაში იყოს.

რას გააკეთებთ საქართველოს მოსახლეობის კარგი ხარისხის და საკმარისი რაოდენობის წყლით უზრუნველსაყოფად?


ისეთი წყალი უნდა მოვიძიოთ, როგორიც ”ბორჯომია” და ისე უნდა გავიტანოთ, ბაზარი უნდა მოვუძებნოთ. გაფრთხილებაა საჭირო და სუფთა პროდუქტს მივიღებთ. არ უნდა ხდებოდეს დაბინძურება და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. რაც მთავარია, მდინარეები არ უნდა გაიყიდოს.

რას გააკეთებთ დედაქალაქსა და რეგიონებში ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების პრობლემის მოსაგვარებლად?

ამ მიმართულებით სავალალო მდგომარეობაა. პირველ ეტაპზე უნდა აშენდეს მინი ქარხნები, რომლის მიმართ თავად სახელმწიფოს ექნება დაინტერესება.
უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved