Independent Forest Monitoring


 
არქივი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის: “აუცილებელია აუთვისებელი ბუნებრივი რესურსების გამოვლენა და გამოყენება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გონივრულად, ისე რომ ეკოლოგიური ბალანსი არ დაირღვეს”

ინტერვიუ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის” ვაკის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატთან ბატონ ზაზა გამცემლიძესთან


ბატონო ზაზა, თქვენ ჯერ კიდევ მინისტრი ბრძანდებოდით, როდესაც “მწვანე ალტერნატივამ” მიმართა პრეზიდენტს მთავრობის ბოლო პროგრამის თაობაზე – “საქართველო სიღარიბის გარეშე” – სადაც გარემოს დაცვის საკითხები არ იყო ასახული. ჩვენ ამ მიმართვაზე პასუხი არ მიგვიღია. იქნებ ეხლა გვესაუბრა ამ საკითხზე?

დიახ, პროგრამაში იყო ერთი აბზაცი, რომელმაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინა საზოგადობაში, მაგრამ ამ აბზაცის ქვეშ ბევრი რამ იგულისხმებოდა.

მე მაქვს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს; საერთოდ, რა პოლიტიკა უნდა განხორციელდეს გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

პირველი – ვთვლი, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს შორის უნდა დამყარდეს გონივრული თანაფარდობა, აუცილებელია ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების დაბალანსება. ეს დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. გონივრულ თანაფარდობაში ვგულისხმობ საზოგადოების ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ინტერესებს შორის ოპტიმალური ბალანსის მიღწევას.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის გამოცდილების გამოყენება და სტრატეგიული ხედვის გაზიარება, როგორიცაა, მაგალითად, გაეროს მდგრადი განვითარების პოლიტიკა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ა.შ. ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.

შემდეგი, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების მოსახლეობისათვის პრაქტიკული ხელმისაწვდომობა. ხაზგასასმელია, რომ რაც უფრო დაბინძურებულია გარემო და რაც უფრო არარაციონალურად არის ის გამოყენებული, ეს ეკონომიკურად უფრო ძვირი უჯდება ქვეყანას. მაგალითად, ეს გამოიხატება ჯანმრთელობის დაცვაზე ან თუნდაც ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციაზე გაწეულ გაზრდილ დანახარჯებში. ჩემი მინისტრობის ბოლო ერთი თვე დავუთმე, ძირითადად, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას. თავიდანვე რომ ეზრუნათ, არ მივიღებდით ასეთ მძიმე შედეგებს.

ანუ საჭირო იყო პრევენციული ღონისძიებების გატარება?

გატარებული იყო, თუმცა ბოლომდე მიყვანა იყო საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე რომ მინისტრად დავრჩენილიყავი, ამას აუცილებლად გავაკეთებდი, რათა ჩვენ უკვე მომავალი წლისთვის მომზადებული ვყოფილიყავით ზვავებისთვის და წყალდიდობებისთვის.

დღეს საქართველო თავისი წყლის რესურსების ათ პროცენტს იყენებს. ვიტყოდი, რომ აუცილებელია აუთვისებელი ბუნებრივი რესურსების გამოვლენა და გამოყენება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გონივრულად, ისე რომ ეკოლოგიური ბალანსი არ დაირღვეს. ეს ეხება ტყესაც, წყალსაც და სხვა რესურსებსაც. ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა მოხდეს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და არა უსისტემო გამოყენება მაქსიმალური ამონაგების მისაღებად.

რაც შეეხება ტყეებს, ჩემი შეხედულებით ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავდება სხვა სახელმწიფოებისაგან. საქართველო ტრადიციების ქვეყანაა თუნდაც ამ საკითხში და ამიტომ ვფიქრობ, რომ ტყე განხილული უნდა იყოს არა როგორც მხოლოდ ფულადი სახსარი (განსხვავებით ამაზონის და ციმბირის ტყეებისგან), არამედ როგორც სულიერების მასაზრდოვებელი საშუალება, რომელიც ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების ნაწილია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო მთიანი ქვეყანაა და უარყოფითი შედეგები ძალიან ჩქარა იჩენს თავს. სწორედ ტყის განადგურების შედეგია ეროზიები, ზვავები და წყალდიდობები.

ბატონო ზაზა, ერთი წლის წინ გაიცა ტყითსარებლობის ოცწლიანი ლიცენზიები სამეგრელო-ზემო სვანეთში, ახალციხესა და კახეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ახალციხეში ტყითსარგებლობის ლიცენზიები გაიცა ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ტერიტორიებზე. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა მათ დაცულ ტერიტორიებად გამოცხადებაზე რეკომენდაციაც კი გაუწია სამინისტროს. როგორ ფიქრობთ, ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემა ამ ტერიტორიებზე სწორი გადაწყვეტილება იყო?

საქართველოში არსებობს დაცული ტერიტორიები, რომლებიც ქვეყნის საკმაოდ დიდ ნაწილს მოიცავს. ამასთან არსებობს დაცვის სტატუსის არმქონე ტერიტორიებიც. დაცულ ტერიტორიებში გამორიცხულია ასეთი სახის საქმიანობა. საერთოდ, საქართველო გამოირჩევა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით; ასეთი საზომით თუ მივუდგებით, პრაქტიკული გამოყენებისთვის შეუძლებელი იქნება ტერიტორიის გამოყოფა.

გასაგებია, რომ საქართველო მდიდარია ბიომრავალფეროვნებით, მაგრამ ეს განსაკუთრებით გამორჩეული ტერიტორები იყო...

გამორჩეული ტერიტორიებია სწორედ დაცული ტერიტორიები. ჩემი აზრით, მოკლევადიანი ლიცენზიების გაცემა კატასტროფაა. რესურებით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიები ბევრად უკეთესია ვიდრე მოკლევადიანი, მაგრამ ერთი პირობით, დაცული უნდა იყოს ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა პირობა. ჩვენი უბედურება ის არის, რომ არ ვიცავთ ხელშეკრულებაში ჩადებულ მოთხოვნებს, ან საერთოდ არ შეგვაქვს. ეს ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს გათვალისწინებული.

გასაგებია, მაგრამ რეკომენდაცია იყო, რომ ეს კონკრეტული ტერიტორიები, თავისი ფასეულობის გამო, დაცულ ტერიტორიებად გამოცხადებულიყო.

კავკასიაში პირველად გერმანიის განვითარების ბანკმა დააფინანსა ეროვნული პარკის შექმნა. მე სწორედ ამ პროექტის კოორდინატორი გახლდით. შემდგომი ათი წლის განმავლობაში გაიხსნა ჭაჭუნასა და მტირალას ეროვნული პარკები. ბედნიერი ვარ, რომ დაცული ტერიტორიების რაოდენობა მატულობს.

ანუ შეიძლება, თუ არა, თქვენი პასუხი გავიგოთ ასე, რომ თუ დაარსდება სხვა დაცული ტერიტორიები, ეს გარკვეულწილად, ტყითსარგებლობისთვის გაცემული ტერიტორიების კომპენსირება იქნება?

არა, არა. პირდაპირ კომპენსაციაზე არ არის საუბარი. რაც უფრო მეტი დაცული ტერიტორია იქნება საქართველოში (თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ მთლიანად დაცულ ტერიტორიად ვერ გარდავიქმნებით), თავისთავად, ძალიან მისასალმებელია. ორი თვის წინ კოდორში ვიყავი; ჩემი იდეაა და ვამაყობ კიდეც ამით, რომ კოდორი გამოვაცხადოთ ზემო აფხაზეთის დაცულ ტერიტორიად. შემდეგ, ალბათ, შეიცვლის სახელს და კოდორის დაცული ტერიტორია იქნება; იმედი მაქვს, რომ ის არაჩვეულებრივი ხეობა, რომელსაც კოდორი ჰქვია და რომელიც გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით, ფოთლოვანი ტყეებით, ფიჭვნარებით და ა.შ. მალე ჩვენი იქნება.

ბატონო ზაზა, თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა განიხილა აღნიშნული სამი ლიცენზიის გაცემის კანონიერების საკითხი. სოზარ სუბარი თვლის, რომ ლიცენზიები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. თქვენ რას იტყვით?

მოდით, შევეშვათ კონკრეტულ ლიცენზიებს. ეს საკითხები შეგიძლიათ ეკონომიკის სამინისტროში გაარკვიოთ. მე გეუბნებით, რომ ყოველ ხელშეკრულებაში ჩადებული უნდა იყოს შესაბამისი გარემოსდაცვითი მოთხოვნები.

შევეხოთ სხვა საკითხს – რა გაკეთდება ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად?

საქართველოში ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებისა და ენერგოეფექტურობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, შეამცირებს სათბური გაზების ემისიებს და წვლილს შეიტანს კლიმატის ცვლილების გლობალური პრობლემის გადაჭრაში. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე მუშაობა უნდა მოხდეს ენერგეტიკის სპეციალისტებთან ერთად.

კიდევ ერთ რამეს მოგახსენებთ. თუ პარლამენტის წევრი გავხდები, მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობ კონფლიქტურ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებისა და გარემოს დეგრადაციის საკითხებს. ამ საკითხებს შეფასება უნდა მიეცეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

პრიორიტეტულია ასევე ნიადაგის, წყლის და ჰაერის დაბინძურების პრობლემაც. აქტიურად უნდა გაგრძელდეს ტერიტორიების დასუფთავება ქიმიური, რადიაციული და სხვა ნარჩენებისაგან, რომელიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენს არამარტო საქართველოს დღევანდელი მოსახლეობისათვის, არამედ ჩვენი მომავლისთვისაც.

დაუბრუნდეთ დაცვით მექანიზმებს. თქვენ აღნიშნეთ, რომ აუცილებელია საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ინტერესების ბალანსირება და გადაწყვეტილების ისე მიღება. ვთქვით ისიც, რომ გარემოსდაცვითი მექანიზმები დღეს სუსტია. რა გაკეთდება ამ მიმართულებით?

მე გითხარით, რომ ამისათვის საჭიროა, ჩაიდოს სპეციალური პირობები ნებართვებში. აუცილებელია განისაზღვროს სტრატეგია. საჭიროა, რომ იმ ფირმას, რომელიც საქმიანობას აწარმოებს, თავიდანვე წაუყენო გარემოსდაცვითი მოთხოვნები. მე ეხლა გესაუბრებით იმაზე, რა უნდა გავაკეთო. თუ გავიხსენებთ ჩვენს მრავალწლიან ისტორიას, რა თქმა უნდა, საშინელება იყო! მარტივად გეტყვით, რამ გაანადგურა ტყე საქართველოში? ორი ფაქტორია: პირველი, იყო დამპყრობელთა ხშირი შემოსევები და მეორე – არასწორი ექსპლუატაცია.

ავიღოთ, მაგალითად, წიაღითსარგებლობა. წიაღის მოპოვება ბოლო ორი თუ სამი წელია უკვე აღარ ექვემდებარება ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებამდე გარემოზე ზემოქმედების წინასწარ შეფასებას. არსებობდა კანონი “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ”, რომელიც წინასწარ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას ითვალისწინებდა, დღეს კი ეს მოთხოვნა აღარ არსებობს. რას იტყვით?

აუქციონის სისტემის შექმნისთანავე ძალაში შევიდა ახალი კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, რომელმაც ხელი შეუწყო ბიზნესის განვითარებას. ამავე დროს შეიქმნა კონტროლის მექანიზმი გარემოს დაცვის ინსპექციის სახით, რომელიც ამოწმებს ლიცენზიების პირობებს და სერიოზულ რეაგირებას ახდენს დარღვევებზე. ბიზნესმენი აუქციონზე იძენს ამა თუ იმ წიაღისეულით სარგებლობის უფლებას დიდი თანხის საფასურად; ბუნებრივია, მის ინტერესშია შეასრულოს ლიცენზიით განსაზღვრული პირობები.

საუბარია იმაზე, რომ წიაღითსარგებლობის ლიცენზია გაიცემა ისე, რომ აღარ ტარდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება და შესაბამისად, ლიცენზიანტს შემდგომ აღარაფერი მოეთხოვება...

კანონი “სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” განსაზღვრავს ყველა საქმიანობას, რომელიც საჭიროებს გარემოსდაცვით ნებართვას. უკანასკნელის მისაღებად აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზას. ნებართვის ნაწილია გარემოსდაცვითი მოთხოვნები, რომელთა დარღვევაც ითვალისწინებს სერიოზულ ჯარიმებს. ამიტომაც ბიზნესმენისთვის მომგებიანია ამ მოთხოვნების შესრულება.

ერთ რამეს გეტყვით. მოგეხსენებათ, იყო უკმაყოფილება, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტროდან ლიცენზიების გაცემის უფლება ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. მიმაჩნია, თუ არა ეს სწორად? ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად ჩამოყალიბდა. მოგახსენებთ, რა ფუნქციები დარჩა გარემოს დაცვის სამინისტროს, რა ეკონომიკური განვითარების სამინიტროს და რა არის ერთობლივი. ერთმნიშვნელოვნად, ყველაფრის მარტივად გადაცემის წინააღმდეგი ვარ და მე ამას არ დავუშვებდი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტრო ერთ საქმეს ემსახურება, ერთი ინტერესი აქვთ, აუცილებელია კომპეტენციის გამიჯვნა.

მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს დარჩა: ლიცენზიების პირობების შესრულებაზე კონტროლი; ტყითსარგებლობის გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების წესის დადგენა; ტყეზე ეკოაუდიტური დასკვნის შინაარსის და წარმოდგენის წესების დადგენა; წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაავადებული ინდივიდებით სარგებლობა შესაძლებელია გარემოს დაცვის სამინისტროს თანხმობით და მეცნიერებათა აკადემიის დასკვნით; სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავება და დამტკიცების წესის განსაზღვრა.

ახლა მოგახსენებთ, რა არის ერთობლივი: აუქციონის გამოცხადება, როდესაც ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თავისი ინიციატივით ატარებს აუქციონს, უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს იყო სამთავრობო დადგენილება, რომელიც კანონშიც უნდა აისახოს, იმიტომ რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც აუქციონი ცხადდება განმცხადებლის ინიციატივით, მაშინ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ადმინისტრაციულ წარმოებაში რთავს გარემოს დაცვის სამინიტროს. აუქციონის გამართვამდე ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები დგინდება გარემოს დაცვის სამინისტროს თანხმობით. რესურსით სარგებლობის კვოტებს ამტკიცებს ეკონომიკის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე. წიაღითსარგებლობისას მიწისა და სამთო მინაკუთვნის განწესებას ადგენს ეკონომიკის სამინისტრო, ოღონდ გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისას სასამართლოს მიმართავს გარემოს დაცვის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით.

ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებია: სარგებლობის ლიცენზიის გაცემა; ლიცენზიების გაუქმება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიცენზია ექვემდებარება სასამართლო წესით გაუქმებას; ეკონომიკის სამინისტრო ადგენს აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენის და სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს.

ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ვიმუშავებ გარემოს დაცვის უფრო ძლიერი საკანონმდებლო საფუძვლების შესაქმნელად.

რაც შეეხება გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას – ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობები ძალზე შეიზღუდა...

ვისი ბრალია? რისთვის არსებობთ თქვენ, რისთვის არსებობს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია? წამოდით ჩემთან ერთად ნებისმიერ შეხვედრაზე. ყველას ჰგონია, რომ ჩვენი საზოგადოება მარტო თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს. დღეში მაქვს ათი შეხვედრა მოსახლეობასთან და იცით, რა გამოვარკვიე? გაჭირვებასთან, უსახსრობასთან და სოციალურ პირობებთან ერთად, ერთ-ერთი პრიორიტეტულია ასევე ის, რომ მოეწყოს პარკი, დაირგოს ხე. საოცარი რამ აღმოვაჩინე! მეგონა, რომ ჩვენს საზოგადოებას უკვე ნიჰილისტური დამოკიდებულება ჰქონდა გარემოს მიმართ. პირველად ჩემს ცხოვრებაში აღმოვაჩინე, რომ მოსახლეობის 60-70%-ს კვლავ აქტუალურად მიაჩნია გარემოზე ფიქრი. ამას კი ხელი, რა თქმა უნდა, თქვენნაირმა ორგანიზაციებმა უნდა შეუწყონ. ხალხი უკვე ხვდება, რომ ეს მარტო ესთეტიკა არ არის; როდესაც უყურებ, ვთქვათ, იასამანს ან აყვავებულ წაბლის ხეს, რომელიც ძალიან ლამაზია, ეს გარდა სილამაზისა, ჟანგბადის მომცემია. ეს მათ უკვე იციან. ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის, მიუხედავად ზოგიერთის ცინიზმისა. ყველამ ყველაფერი იცის. აღარ არის ის დრო, როდესაც ვიღაცა ვიღაცას ატყუებდა. საერთოდ, ჩვენი ძირითადი ხედვა ასეთია. საქართველო სავსეა ასეთი ხალხით. წადით ნებისმიერ სოფელში და ყოველ სოფელში ერთ მინდიას ნახავთ.

თქვენი პასუხი ასე გავიგე – ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა დღეს შეზღუდულია, ეს თვით საზოგადოების ბრალია, მართალია?

როგორ არ იღებს მონაწილეობას?! ჩავიდეთ ნებისმიერ სოფელში და ნახავთ... თუ არ ვილაპარაკებთ სოციალურ თემებზე და ვილაპარაკებთ გარემოს დაცვის საკითხებზე, ნახავთ, რა იდეები აქვთ.

როდესაც, მაგალითად, კანონპროექტები მუშავდება გარემოს დაცვის სამინისტროში, ისე წარედგინება პარლამენტს, რომ ამ პროცესში არავინ არის ჩართული. თქვენი პარლამენტის წევრობის შემთხვევაში, შეიცვლება რამე?

სწორედ ამიტომ მსურს პარლამენტში ყოფნა. მიმაჩნია, რომ კანონპროექტები თქვენთან ერთად, არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების სხვა აქტიურ ნაწილთან ერთად უნდა იქნეს განხილული. ეს პროცესი აბსოლუტურად ღია უნდა გახდეს.

ანუ თქვენ იძლევით იმის გარანტიას, რომ თუ თქვენ პარლამენტის წევრი იქნებით, ეს ასე იქნება?

მე პირადად ამ საკითხებზე აქტიურად ვიმუშავებ, მაგრამ გარანტიების მოცემა არ შემიძლია. მე გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებ იმის გაკეთებას, რაც ამ სფეროს აკლია. სხვა შემთხვევაში, რა მინდა პარლამენტში? მაშინ ვიმუშავებდი ჩემთვის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად ბოტანიკის ინსტიტუტში, ან დირექტორად. იცით რა კარგია?..

გმადლობთ, ბატონო ზაზა, საინტერესო საუბრისათვის.
უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved