Independent Forest Monitoring


 
არქივი
ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი: თუ მწარმოებელს არ შეუძლია დაიცვას ეკოლოგიური სიჯანსაღე და სისუფთავე, ის უნდა გაჩერდეს.

ინტერვიუ პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერთან ბატონ დავით თარხან-მოურავთან


ბატონო დავით, რა გაკეთდება ქვეყანაში ან რა შეიცვლება თქვენი პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში, რა ღონისძიებები იქნება გატარებული ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად?

მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში გასაკეთებელი რამოდენიმე მიმართულებით არის. თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში არა სამი კაცით, არამედ ცოტა დიდი რაოდენობით, ჩვენ გავატარებთ პოლიტიკურ რეფორმებს, რომელიც მიმართული იქნება იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანები თავისუფალნი გახდნენ, გავატარებთ ეკონომიკურ რეფორმებსაც. დღევანდელ საქართველოში მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში არ არის სამართლიანი კონკურენტუნარიანობა – ძალიან ჭკვიანი აკადემიკოსები ცხოვრობენ ას ლარ ხელფასზე და სრულიად გაუნათლებელი ხალხი კი, ძალიან მდიდრდება. ასევეა სოციალური სფეროც, ეკოლოგიაც. ეკოლოგია რა არის? ეს რის ჩვენი წიაღისეული, ბუნებრივი რესურსები; ის რაც ღმერთისგანაა ნაბოძები, ჰაერი იქნება ეს თუ ტყე; ეს ყველაფერი კი არ არის სამართლიანად და კონკურენტუნარიანად მოხმარებული და გამოყენებული. თუ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ ამ ამოცანას გადავჭრით.

რას გააკეთებთ ტყეებზე არსებული ზეწოლის (უკანონო ჭრები, ჭარბი მოპოვება) შესამცირებლად? უნდა დარჩეს, თუU არა საქართველოს ტყეები მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში?

საერთოდ, ზოგადად ვთქვათ, რადგან პრინციპი ერთი და იგივეა. თუ შენ იყიდი ერთ ჰექტარ მიწას, რომელზეც არაფერი არ არის და ზედ ტყეს გააშენებ, შენი შვილიშვილის დროს ეს მოშენდება და ეს შენი საკუთრება იქნება, თუ არა? უნდა წავართვათ ეს ტყე იმ კაცს? მე მოვიყვანე მაგალითი, როდესაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ტყე ერთმა ოჯახმა, ბაბუამ, შვილმა, შვილიშვილმა გააშენა, გაზარდა, შექმნა, ტყის მფლობელი გახდა; ჩვენ არ გვაქვს უფლება მას ეს წავართვათ. თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს ტყე, რომელიც ჩვენი მამაპაპისეული დროიდან არსებობდა და არავის საკუთრება არ იყო. ეხლა რომ ეს ტყე ავიღოთ და ვიღაცას ვაჩუქოთ, ან მივყიდოთ, ეს სამართლიანია? ესე იგი, როცა ჩვენ ბუნებრივ რესურსებზე ვლაპარაკობთ, აქ არ შეიძლება იყოს ასეთი ხისტი მიდგომა. საჭიროა გამჭირვალე და ინდივიდუალური მიდგომა. განგიმარტავთ ორივეს. ყველაფერი სამყაროში დროით და განზომილებით იზომება. აქაც ასეთი კრიტერიუმები უნდა იყოს. არ შეიძლება ავდგეთ და ათასი ჰექტარი ტყე გადავცეთ ვიღაცას საკუთრებაში. ეს ხომ არ იქნება ნორმალური და სამართლიანი?

მე ეხლა არ ვაჟღერებ ალიანსის პოზიციას, მე ჩემს თავზე ვსაუბრობ. მე ვარ ზომიერი ცენტრისტი მემარჯვენე და ვთვლი, რომ შეიძლება იყოს წიაღისეული და ბუნებრივი რესურსი ვიღაცა ადამიანის ან კომპანიის საკუთრებაში, მაგრამ ეს გონივრულ მასშტაბს არ უნდა სცდებოდეს. უნდა იყოს განსაზღვრული გონივრული ზომა, რომლის იქით, ეს არ უნდა მიდიოდეს. დღეს ისეთი დრო მოვიდა, რომ არსებობს ისეთი ობიქტები, რომელთა მიმართ საკუთრების ფორმა არ უნდა იყოს კერძო ან სახელმწიფო, რაღაც სხვა ფორმაა საჭირო. მე ვთვლი, რომ უფრო უკეთესია, რომ ეს იყოს კავშირების საკუთრება, მაგალითად, როდესაც იქმნება გარკვეული კავშირი, რომლის წევრებიც არ არიან მესაკუთრეები. ეს წევრები მიდიან, მოდიან, იცვლებიან, კავშირი კი რჩება. კავშირია ამ ქონების მეპატრონე. ეს სრულებით სხვა ფორმაა.

ბატონო დავით, რას გააკეთებთ საქართველოს მოსახლების კარგი ხარისხის და საკმარისი რაოდენობის წყლით უზრუნველსაყოფად, რას გააკეთებთ წყლის რესურსების ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად?

წყალი შეიძლება იყიდებოდეს, უფრო სწორედ, სახელმწიფო ყიდდეს წყლის მოხმარების უფლებას გარკვეული ვადით, გარკვეული პირობებით, როგორც ეს ადრე იყო. მე ვერ ვხედავ ვერავითარ საჭიროებას, მითუმეტეს დღეს. კარგია, თუ ეს იქნება გარკვეული ვადით გარკვეულ პირობებზე მოხმარებისთვის გადაცემული.

რა გაკეთდება დედაქალაქსა და რეგიონებში ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების პრობლემის მოსაგვარებლად?

საქართველოში ეს პრობლემა დგას იმიტომ, რომ არ არის ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიები. საერთოდ, ნარჩენები მსოფლიო პრობლემაა. მოწინავე მსოფლიო მიდის იმ გზით, რომ ქმნის ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიებს. აქ კი ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაზე დიდი, რაც ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს არის მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების გაზრდა. იმაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი 40 პროცენტს შეადგენდეს, ან თუნდაც მშენებლობა 40 პროცენტი იყოს. ეს გაუმართლებელია იმიტომ, რომ სოფლის მეურნეობის მოცულობა არცერთ განვითარებულ ქვეყანაში სამ პროცენტზე მეტი არაა. მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები ქმნიან 35 პროცენტს. ჩემი აზრით, აუცილებელია ამ ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგა, ეს არის ერთადერთი ამოცანა, რომელმაც შეიძლება გვიხსნას. მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებელია დანერგილი და გამოყენებულ იქნეს ის ტექნოლოგიები, რომლებიც ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობენ. თუ ჩვენ ოთხი კაცით მოვალთ პარლამენტში ამას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ თუ სერიოზული რაოდენობით მოვედით, მაშინ შევძლებთ.

რას გააკეთებთ მოპოვებითი მრეწველობის გარემოსა და მოსახლეობაზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად ან თავიდან ასაცილებლად?

მოპოვებით მრეწველობაში ერთადერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რასაც მოვიპოვებთ (წიაღისეული, მადანი), ხდება არა მისი რეალურად გადამუშავება, არამედ მისი ექსპორტი არაპირდაპირი გზით. სინამდვილეში, იყიდება წიაღისეული ოღონდ ისე, რომ ის გადის რაღაც პირველად გადამუშავებას, რომლის შედეგადაც მას, ფორმალურად, წიაღისეული აღარ ჰქვია; სინამდვილეში, კი ეს ისევ წიაღისეულია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ამაზეა ორიენტირებული. მთავარი მიზანი არის ის, რომ მოიპოვო რესურსი, შექმნა პროდუქტი, რადგან როცა პროდუქტს ქმნი არის ეკონომიკა, წარმოება და ეს კარგია. ასევე უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა. ამისთვის ბრძოლაა საჭირო.

რამდენად ეფექტურად ხორციელდება პროვატიზებული საწარმოების მიერ ხელშეკრულების პირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების სახელმწიფო კონტროლი?


ლიცენზირება არის სფერო, რომელიც თავისთავად კორუფციულ ელემენტებს მოიცავს. რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა გახდეს. რაც შეეხება მავნე ზემოქმედებას, ეკოლოგია არის ნომერ პირველი ამოცანა, თუ მწარმოებელს არ შეუძლია დაიცვას ეკოლოგიური სიჯანსაღე და სისუფთავე, ის უნდა გაჩერდეს. მაგალითად, კასპიცემენტი; არავითარი ცემენტი არ გვჭირდება, თუ ამ ცემენტის გამო გარემო ბინძურდება. მაგალითად, კასპში არიან გერმანელები, უნდა ვაიძულოთ ისინი რომ მოხდეს ფილტრაცია, რადგან ისინი ფლობენ ამ ტექნოლოგიებს და შეუძლიათ ამის დანერგვა, უბრალოდ ამ მიმართულებით თავს არ იკლავენ. ამოცანა ის კი არ არის, რომ ქარხანა დაიხუროს. ჯერ მოახდინე მისი გაწმენდა, ფილტრაცია, დაიცავი ყველა ის მოთხოვნა, მომეცი აბსოლუტური სისუფავე და თუ ამას ვერ ან არ აკეთებ მაშინ ნახვამდის, კარგად იყავი.

ბატონო დავით, რას გააკეთებთ ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად?

საქართველო ამ თვალსაზრისით არის ქვეყანა, რომელსაც სამი პლიუსი აქვს. დღეს კაცობრიობამ ენერგიის გამომუშავების სამი ალტერნატივა იცის: პირველი, წყალი და წყლის ენერგეტიკა; მეორე, ქარი და ქარის ენერგეტიკა და მესამე, მზე და მზის ენერგეტიკა. სამივე უხვადაა საქართველოში, უბრალოდ ამის გამოყენებაა საჭირო. მე საერთოდ ჰეს-ების მშენებლობის მომხრე ვარ, ოღონდ რა თქმა უნდა ისე, რომ ამან ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვიოს. თავისთავად მომხრე ვარ და ვიცი, რომ თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიებს დავნერგავთ, ელექტროენერგია იმდენი იქნება, რომ ექსპორტსაც შევძლებთ. ამის ძალიან დიდი მომხრე ვარ და ვთვლი, რომ აქ სახელმწიფომ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს. მომხრე ვარ ქარის და მზის ენერგიის გამოყენებისაც. თუ ჩვენ მრავალი კაცით მოვალთ პარლამენტში, ამას და კიდევ ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ, სამი-ოთხი კაცით კი ვერაფერს.
უკან
     
Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved