Independent Forest Monitoring


 

ჰკითხე შენს კანდიდატს!
 

• ბოლო წლებში მიღებულმა რომელმა გადაწყვეტილებებმა შეუწყო ხელი საქართველოში წყლის ხარისხის გაუმჯობესებას ან პირიქით, გაუარესებას?

• რას გააკეთებს წყლის რესურსების ეფექტურად მართვის უზრუნველსაყოფად?

• რას გააკეთებს საქართველოს მოსახლეობის კარგი ხარისხის და საკმარისი რაოდენობის წყლით უზრუნველსაყოფად?

• რას გააკეთებს დაინტერესებული საზოგადოების/მოსახლეობის ინტერესების უკეთ წარმოსაჩენად წყალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას?

! საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზია დასახლებული პუნქტებისა და საწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა ან არაეფექტური მუშაობა, ზედაპირული წყლების ძირითადი დამაბინძურებელი კომუნალური სექტორი (67%) და თბოენერგეტიკაა (31%).

! საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული და ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება წყალსატევებში. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება საქართველოს არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე.

! მიკრობიოლოგიური ორგანიზმებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ უმთავრეს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს.

! დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია უზრუნველყოფილი უსაფრთხო წყლის უწყვეტი მომარაგებით. სოფლად მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ქალაქებში.

! ქვეყანაში არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს სანიტარიული დაცვის ზონები, 23%-ს ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობები, 70%-ზე მეტ წყალსადენებზე კი საერთოდ არ არსებობს, ან მწყობრიდანაა გამოსული საქლორე მოწყობილობები; ამის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეწოდება დაუქლორავი სასმელი წყალი.

! წყლის ხარისხზე არ ტარდება სრული ლაბორატორიული კონტროლი, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის მიწოდებული წყალი ხშირად არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს.

! წყლის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებლებისთვის საკმარისი რაოდენობის და ხარისხიანი წყლის მისაწოდებლად, აუცილებელია წყლის ობიექტებიდან წყალაღების და წყლის ობიექტებში წყალჩაშვების რეგულირება. 2007 წლის 14 დეკემბრამდე საკითხი რეგულირდებოდა საწარმოებისთვის წყალაღებაზე და წყალჩაშვებაზე ნებართვების გაცემის გზით. 2007 წლის 14 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით ეს ნებართვები გაუქმდა, წყალზე ხელმისაწვდომობისა და ხარისხიანი წყლის უზრუნველმყოფი სხვა მექანიზმი კი დღემდე არაა შემოთავაზებული.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.

Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved