Independent Forest Monitoring


 

ჰკითხე შენს კანდიდატს!

• რას გააკეთებს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკის განვითარებისათვის საქართველოში?

• რას გააკეთებს ქვეყნის ენერგო-მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მძიმე ზემოქმედება?

• რას გააკეთებს ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად?

• რას გააკეთებს ქვეყნის მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი ღარიბი ფენებისათვის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად?

! საქართველოს მთავრობის განცხადებით, ენერგეტიკულ სექტორში მთავრობის უმთავრესი გრძელვადიანი ამოცანაა “საკუთარი ჰიდრო-რესურსებით ელექტროენერგიაზე ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება”, “ეტაპობრივად, ჯერ იმპორტის, შემდეგ კი - თბოგენერაციის ჩანაცვლებით”. მიუხედავად აღნიშნულისა, ცნობილია, რომ იგეგმება ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობა და სპეციალური კომისია იკვლევს ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობებს.

! საქართველოში უკვე მიმდინარეობს სამუშაოები რამოდენიმე დიდი ჰიდროელექტროსადგურის (ნამახვანის, ხუდონის, ონის და სხვ.) ასაშენებლად.

! 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, დიდი კაშხლების უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე (იძულებითი გადასახლება, ტრადიციების დაკარგვა, ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება,) იმდენად ძლიერია, რომ დიდი ჰიდროელექტროსადგურები უკვე აღარ განიხილება განახლებადი ენერგეტიკის ნაწილად.

! საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ქვეყანაში მცირე ჰიდრო-ენერგეტიკის განვითარების უდიდეს შესაძლობლობას. კვლევების თანახმად, მცირე ჰიდრო-ენერგეტიკის განვითარება მომგებიანია ეკონომიკურად და მისაღებია გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც. საქართველოს მდინარეებიდან ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა 300-მდე მდინარე, რომელთა პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატის ექვივალენტურია, ხოლო საშუალო წლიური ენერგია 50 მილიარდი კილოვატსაათის.

! მიუხედავად იმისა, რომ დღეს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს, მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის ელექტროენერგია არ არის ხელმისაწვდომი, მოხმარებაზე დაწესებული გაუმართლებლად მაღალი გადასახადის გამო.

! ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე დაწესებული მაღალი გადასახადები და ქვეყნის რეგიონებში არსებული სიღარიბის განსაკუთრებით მაღალი დონე ხშირად ხე-ტყის არალეგალური ჭრის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.

! დღეს საქართველოში ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 2-3-ჯერ ნაკლებია მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე, თუმცა, ენერგოინტენსივობის მაჩვენებლები, როგორც სამრეწველო ისე საყოფაცხოვრებო სექტორში, საკმაოდ მაღალია. მაგალითისთვის, საქართველოს ეკონომიკის ენერგოინტენსივობის მაჩვენებელი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე დაახლეობით ორჯერ მეტია.

 

წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თანამშრომლობა მწვანე მომავლისთვის და თავად მწვანე ალტერნატივას მონაცემებსა და კვლევებს. აქ გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ”მწვანე ალტერნატივა”-ს პოზიციას და არ შეიძლება განხილულ იქნეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) შეხედულებათა ამსახველად.

Free Hit Counter

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით.

Copyright © Green Alternative. All rights reserved